პასიური დეპუტატები ქობულეთს საკრებულოში

466

ყველაზე მეტი პასიური დეპუტატი ქობულეთის საკრებულოშია. კვლევის შედეგებს ა/ო „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ აქვეყნებს. რატომ არ აქვთ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ინიციატივები? რატომ არ სვამენ შეკითხვებს და რატომ არ გამოხატავენ აზრს? “ქართულ ოცნებაში” მიზეზებს ვერ ხსნიან, ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ მესამე სექტორს მონაცემები მუნიციპალიტეტის საკრებულომ არასრულად მიაწოდა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.  

სიუჟეტში ნათქვამია, რომ კვლევის პირველივე ფურცლებზე ქობულეთი პირველობას არ თმობს. საკრებულოში, სხდომებზე არააქტიურ წევრთა რაოდენობა სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე მაღალია. მესამე სექტორის მთავარი მიგნებაც სწორედ ეს არის. 2020 წლის პირველ კვარტალში ქობულეთში, წარმომადგენლობით ორგანოში, ყველაზე მეტი, ანუ 30 დეპუტატი პასიურობდა.

ქობულეთის საკრებულოს, სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ნულოვანი აქტიურობა აქვს ინიციატივების კუთხით.

საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 37 წევრში არ მოიძებნა დეპუტატი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მოქალაქეების საკეთილდღეოდ რაიმე სახის ინიციატივას დააყენებდა. არადა, წინასაარჩევნოდ, მათი აბსოლიტური უმრავლესობა მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ხალხის ინტერესების დაცვას და მხარდამჭერი იდეების გატარებას აანონსებს.

ლია შაქარიშვილი ერთადერთია, ვისაც  მესამე სექტორი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით , აქტიურობით გამოარჩევს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი სვამს კითხვებს, აკეთებს კომენტარებს და არის მომხსენებელი ან თანამომხსენებელი.

მთავარი სხდომების მონიტორინგით, საკრებულოს კიდევ 2 წევრია მეტნაკლებად აქტიური, სრული უმრავლესობა, კი 30 მათგანი –  პასიური. გელა გოგიტიძე, იოსებ ჟღენტი,სულხან გორჯელაძე, ნაილე ლაზიშვილი, ავთანდილ გოგიბერიძე, მამუკა შამილიშვილი, მანუჩარ ნიჟარაძე- იცანობდეთ,  დეპუტატები“ ქართული ოცნებიდან“, რომლებიც მესამე სექტორის დასკვნით, მთავარ სხდომებზე არაფერს აკეთებენ.

მმართველი გუნდის პასიურ დეპუტატთა სია გრძელია და ასე გრძელდება: ავთანდილ ზოიძე, გენად თამაზაშვილი, რომან მოწყობილი, მალხაზ რომანაძე, ქეთინო ქათამაძე, ავთანდილ ვერულიძე, ავთანდილ ანანიძე. კიდევ 2 წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ჯანსულ ჯინჭარაძე და მამული სურმანიძე, ასევე პაატა ცინარიძე – “ევროპული საქართველოდან”.

„საზოგადოებრივი განვითარების აკადემიას“ საჯარო ინფორმაცია საკრებულოს აპარატმა მიაწოდა. თუკი მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პრეტენზიებს დავეყრდნობით და კვლევის მიმართ უნდობლობას გავითვალისწინებთ, გამოდის რომ  წარმომადგენლობითმა ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციას არასრული ჩანაწერი მიაწოდა ან ოქმები საკრებულოს სხდომებზე არასრულყოფილად დგება.

რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს მართალი, ფაქტი ისაა, რომ ანაზღაურება დეპუტატებს აქტიურობის მიუხედავად, საკმაოდ სოლიდური აქვთ. ყველაზე მცირე, ანუ რიგითი დეპუტატის ხელფასი კვარტლურად  3 600 ლარს შეადგენს,  ეს თვეში 1200 ლარი გამოდის. ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი კი ხალხის ბიუჯეტს თვეში 2ათას 200 ლარი უჯდება. თან, ხელფასს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არც პრემია, ჯილდო და დანამატი ემატება. შედარებისთვის, სანდასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც, მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად  ქალაქს ასუფთავებენ, თვეში, დაახლოებით, 400 ლარი აქვთ ხელფასი. იმსახურებენ თუ არა დეპუტატები თქვენი ბიუჯეტიდან  ასეთ ხელფასებს იმის გათვალისწინებით, რომ მათი შრომა, მხოლოდ სხდომათა დარბაზში ჯდომითა და ხელის აწევით გამოიხატება, თავად გადაწყვიტეთ. ეს კი საარჩევნო ყუთთან მისვლის დროს უნდა გაიხსენოთ.