„ქართული ოცნება“ უკვე მეორე დღეა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ქართულ ოცნებას“ ზაურ დარგალის კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, ხოლო მის მხარდამჭერებსა და მოკავშირეებს სახელმწიფო სინდისის მოღალატეები უწოდა.
„ყველას ვეუბნები ესეთ სიტყვას, ვინც ზაურ დარგალს დაუდგება გვერდში, ირიბად თუ პირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას იმისათვის, რომ მას უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს, ღვთის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის იქნება თანამონაწილე იმ დანაშაულისა, ის სახელმწიფოებრივი სინდისის ღალატისა, რაც მან ჩაიდინა – მე ესეთ ადამიანებზე ვიხსნი პასუხისმგებლობას. დაე, მათ ღვთისა და ჩვენი წინაპრების სულების წინაშე ეგოთ პასუხი. მე, როგორც მწყემსი ამ ეპარქიისა, მღვდელთმთავარი ამ ეპარქიისა, ვიხსნი მათზე პასუხისმგებლობას. ესაა ჩემი პასუხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაამცრო ჩვენი ეროვნული ღირსება მარნეულში, რომელმაც დაამცრო მღვდელთმთავარი მართლმდიდებლური ეკლესიისა,“ – განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) საკვირაო ქადაგებისას
რადიო „მარნეულს“ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერ არ გააკეთებენ.
რადიო „მარნეული“ უკვე ორი დღეა ცდილობს მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, რუსლან გაჯიევთან და თამაზ ნავერიანთან, და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან დაკავშირებას, რათა გავიგოთ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მეუფე გიორგის განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა. მას მხარდაჭერა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოუცხადეს.
ცნობისთვის, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია მარნეულის მერიისაგან ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.