2017-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საწვავის ხარჯმა 57 615 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ საწვავს კი, საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი საკუთარი მანქანისთვის იყენებს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გამოყოფილი ორი მანქანით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე სარგებლობენ.
ეს მანქანებია:
● TOYOTA – PRADO – გამოშვების წელი – 2008. შესყიდვის თარიღი – 2010 წელი, ღირებულება – 82 800 ლარი.
● NIVA – VAZ 21214 – გამოშვების წელი – 2006. მანქანა ახალციხის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო რწმუნებულმა (2014 წლის 23 დეკემბრის N64/ო განკარგულებით) გადასცა.
სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ საწვავს კი საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი საკუთარი მანქანებისთვის იყენებენ, გარდა ორისა: ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ახალციხეს” თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტალახაძე და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.
2017-2019 წლებში მათზე საწვავი არასდროს გაცემულა.
ჯამში ახალციხის საკრებულომ 26 535.03 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 57 615.86 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მანქანების შეკეთებას, სამი წლის განმავლობაში ავტომობილების შეკეთებაზე 8 489 ლარი დაიხარჯა.