გამჭვირვალობა: ახალციხის საკრებულოს სხდომებს მოქალაქეები თითქმის არ ესწრებიან

559

წინა სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018-2019 წლების ანგარიშში აღიშნულია, რომ მოქალაქეები საკრებულოს სხდომებში თითქმის არ ესწრებიან, მაგალითად ბიუჯეტების საჯარო განხილვას, თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, მხოლოდ ორი მოქალაქე ესწრებოდა.

„ახალციხის საკრებულოში გამართულ სხდომებს მოქალაქეები თითქმის არასდროს ესწრებიან. თუ არ ჩავთვლით ბიუჯეტების საჯარო განხილვებს (რომლებზეც დამსწრეების დიდ ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალური სამსახურების, ან მერის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები არიან) საანგარიშო პერიოდში გამართულ სხვა სხდომებზე სულ 2 მოქალაქე იმყოფებოდა”, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ახალციხის საკრებულო კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხდომებს ხშირ შემთხვევაში ვერ აანონსებს: „ როგორც საკრებულოდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, მიზეზი „გადაუდებლად განსახილველი საკითხებია“.

მათივე თქმით,საკრებულო მოსახლეობას ანგარიშს, კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით, წელიწადში ერთხელ პირველ ნოემბრამდე აბარებს. თუმცა, მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ სხდომას, რომელიც 2018 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა, მუნიციპალიტეტში არსებული 46 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 11 მოქალაქე დაესწრო.

საანგარიშო პერიოდში, ახალციხის საკრებულოში არცერთი პეტიცია არ წარუდგენიათ. ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის განახლება, მისი დასრულების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ საკუთარი იდეების, მოთხონებისა და მათ გარშემო არსებული პრობლემების შესახებ თვითმმართველობას ელექტრონულად მიმართონ, ან მოითხოვონ ინფორმაცია.