TI: ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 334–ჯერ გააცდინეს

560

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ახალციხის საკრებულოში 40 სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 303 საკითხი განიხილეს.  დეპუტატებმა საკრებულოს სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 -არასაპატიო მიზეზით. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, საანგარიშო პერიოდში გამართული 40 სხდომიდან „ქართული ოცნების“ წევრი კობა გელაშვილი 27-ს არ ესწრებოდა, მას 24 გაცდენით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნატო დარბაიძე მოყვება, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სამველ ოვეიანი – 23 გაცდენით.

არცერთი სხდომა არ გაუცდენია გელა ნოზაძეს, ბესიკ გოგსაძეს და ვლადიმერ კურტანიძეს. მხოლოდ ერთი გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს იოსებ კაპანაძეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ახალციხის საკრებულოს რეგლამენტით არ არის დაზუსტებული საკრებულოს წევრის მიერ სხდომის გაცდენისას რა შემთხვევა ითვლება არასაპატიო მიზეზად. საკრებულოს რეგლამენტი ეყრდნობა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ჩანაწერს, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ იგი „არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში“. სხვა შემთხვევებში, შესაბამის კომისიას არ აქვს ვალდებულება მოსთხოვოს საკრებულოს წევრს გაცდენის მიზეზის მითითება, ან იმსჯელოს გაცდენის საპატიოდ/არასაპატიოდ ჩათვლაზე.
საკრებულოს სხდომების ოქმებში დამსწრეთა სიებში, იმ დეპუტატების გასწვრივ, რომლებიც სხდომებზე შვებულების, ან მივლინების გამო არ იმყოფებიან, მითითებულია: „იმყოფება შვებულებაში“, „იმყოფება მივლინებაში“. შესაბამისად, დანარჩენ შემთხვევებში უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა.