„ზაური არის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი ადამიანი, კარგი კანდიდატი და ყველაფერი კარგად იქნება. ზაურის კანდიდატურა სწორი გადაწყვეტილებაა,“ – ასე ეხმაურება მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად მარნეულის მერსი ზაურ დარგალის დასახელებას.
რუსლან გაჯიევი მიიჩნევს, რომ ზაურ დარგალის არჩევნებში გამარჯვებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსსა და მარნეულის მერს შორის დაპირისპირება ხელს არ შეუშლის.
მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერი ზაურ დარგალი დღეს, 20 ივლისს, წარადგინა.
მარნეულის მერსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) შორის დაპირისპირება მარნეულში მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს უკავშირდება. 24 მარტს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის მერს ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა.
ზაურ დარგალი ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს.
17 ივლისს მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნარიმანოვის ძეგლია განთავსებული, ძეგლის დემონტაჟისა და მის ადგილას ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის ძეგლების დადგმის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) იყო.