ახალციხის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც სამართალდამცავების მიერ დაწერილ 15 000 ლარიანი ჯარიმის ოქმის გაუქმებას ეხებოდა, ახალციხის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სარჩელის ავტორები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მოსამართლე ლუიზა თოდუამ არ გააუქმა სამართალდამცველების მიერ 29 მარტს შედგენილი ოქმი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო, ახალციხის აგრარული ბაზრის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
საამართლო პროცესი დღეს, 16 ივლისს დაახლოებით 45 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.
პროცესზე ერთი მხრივ, ახალციხის ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი და მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი, მეორე მხრივ კი, პოლიციელი თორნიკე თარხნიშვილი იყვნენ წარმოდგენილი.
თარხნიშვილი ის პოლიციელია, რომელმაც 29 მარტს შპს სავაჭრო ცენტრ „ახალციხის“ იგივე აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 15 000 ლარით იმის გამო დააჯარიმა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მოსახლეობა დისტანციის დაცვის გარეშე, პირბადისა და ხელთათმნის გარეშე გადაადგილდებოდა.
მოსამართლეს კითხვაზე, რის საფუძველზე შეადგინა მან ოქმი, უშუალოდ დარღვევის თვითმხილველი იყო თუ სხვა საშუალებებით გაიგო დარღვევის შესახებ, სამართალდამცველმა განმარტა, რომ 112-ზე ორი შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც ოქმი დაწერეს. მათგან ერთმა ანონიმურობა მოითხოვა, მეორე კი – ჯონი მურმანიშვილი იყო. მათ შეტყობინებები დილით, 09:06 საათზე და 09:14 საათზე დაფიქსირდა.
ბაზრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ოქმი უსამართლოდ დაიწერა, რადგან პოლიციას არცერთი ფიზიკური პირი არ დაუჯარიმებია იმის გამო, რომ პირბადეს არ ატარებდნენ. მისივე თქმით, ბაზარი 06:25 წუთზე მხოლოდ მას შემდეგ გახსნა, რაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ
„ბაზარი იურიდიული პირია და მათგან არ დაფიქსირდა რაიმე სახის შეტყობინება: „ვერ ვაკონტროლებ ნაკადს, ხალხი არ მემორჩილება და ა.შ.“. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ოქმი შეგვედგინა იურიდიული პირის მიმართ“- განაცხადა თარხნიშვილმა.
ქართველიშვილი კი ირწმუნება, რომ პოლიციასთან შეთანხმება ჰქონდათ რომ ბაზარში ხალხის რეგულირება ერთად უნდა მოეხდინათ: „ორი პიკაპით მოვიდა პოლიცია და ამის შემდეგ გავხსენით ჩვენ ბაზარი, როცა პოლიცია მოვიდა. შეთანხმება გვქონდა, რომ სანამ არ მოვიდოდა პოლიცია, მანამდე არ უნდა გაგვეხსნა ბაზარი. 9 საათამდე ერთად ვარეგულირებდით სიტუაციას და მერე რა მოხდა არ ვიცი. დანაშაული არ მინახავს ადგილზე, რატომ არ დააჯარიმეს რომელიმე ფიზიკური პირი?“
სამართალდამცველის თქმით, ბაზრის დირექციას წესრიგის დაცვაში პოლიცია არ ეხმარებოდა: „პოლიცია რამდენჯერმე მოვიდა იმ მიზნით, რომ გითხრათ, რთული სიტუაციაა და მოაწესრიგეთო“.
„აბა რატომ მოხვედით, იმისთვის რომ ვინმესთვის დაგერეკინებინათ და მერე დაგეჯარიმებინეთ?!“ – იკითხა ბაზრის დირექტორმა.
საბოლოოდ, მოსამართლე ლუიზა თოდუამ სარჩელი არ დააკმაყოფილა და პოლიციელების მხრიდან დაწერილი 15 000 ლარიანი ჯარიმის ოქმი ძალაში დატოვა.
მოსამრთლის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ქართველიშვილის ადვოკატისთვის. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ისინი აუცილებალდ გაასაჩივრებენ: „დასაბუთების ნაწილი მაინტერესებს, შეუძლებელია ამ ტიპის გადაწყვეტილების დასაბუთება. სხვა დარღვევებიც მქონია მე გასაჩივრებული, სადაც ისე მყარად ვერ მქონდა არგუმენტები, როგორც აქ. აქ იშვიათად მყარად იყო. აუცილებლად გავასაჩივრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქვეყნად კანონი და სამართალი არსებობს ეს ოქმი უნდა გაუქმდეს და გაუქმდება კიდეც“, – ამბობს სამარჯიშვილი.