ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა

631

ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია 15 000 ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი ირწმუნება, რომ 29 მარტს ხალხის ნაკადის დარეგულირებას პოლიციასთან ერთად ცდილობდა, ამიტომ მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასამართლიანია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„დილიდან ვცდილობდით პოლიციასთან ერთად ნაკადის დარეგულირებას, ყველა ჩანაწერი გვაქვს რასაც სასამართლოზე წარვადგენთ და იმედია სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“ –გვითხრა ვახტანგ ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო 5 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გადავადების გამო, 29 მაისამდე გადაიწია.

ახალციხის ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო, 15 000 ლარით დაჯარიმდა.

მას შემდეგ გარკვეული პერიოდი ბაზარი არ ფუნქციონირებდა. სრული დატვირთვით მუშაობა გუშინ, 5 მაისს განაახლა.

2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.