მარნეულის მერიის წინ მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის თანხები ა(ა)იპ „სუფთა მარნეულის“ ბიუჯეტიდან გამოიყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა.
„მარნეულის მერიის ბრძანების საფუძველზე 5 მარტს დავიწყეთ ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ კარანტინის გამო დროებით შეჩერებული იყო. თუ არ ვცდები, კარანტინის მოხსნის შემდეგ, 23 მაისისთვის დავასრულეთ სამუშაოები,“ – ამბობს ლერი მუმლაძე
„სუფთა მარნეულის“ დირექტორის თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით მოხდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უკვე 25 სამუშაო დღეა რაც რადიო „მარნეულს“ არ აწვდის ოფიციალურ ინფორმაციას ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის შესახებ. მერიაში განმარტავენ, რომ წერილზე პასუხი უკვე მზადაა, მაგრამ მერის ხელმოწერა აკლია.
მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და მისი აღება მოსთხოვა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა.