ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის ვიცე-მერად არჩილ ჩიქოვანი დანიშნა და გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდური პრინციპი გაითვალისწინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
“რაც შეეხება ვიცე-მერის კანდიდატურის შერჩევას, აქ მოხდა გათვალისწინება საერთო შეხედულების. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული. ეს არის ძალიან საპასუხიმგებლო საკითხების, დიდი პრობლემების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. შესაბამისად ადამიანი, რომელშიც გუნდი ხედავს შესაძლებლობას, აიღოს ეს პასუხიმგებლობა. მე გავითვალისწინე ეს მიდგომა,” – განაცხადა ყოფილმა მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: თორნიკე რიჟვაძის მეჯვარე რატომ დანიშნა ამ თანამდებობაზე და ვინ გაუწია რეკომენდაცია, ლაშა კომახიძე ასე პასუხობს: ”ნამდვილად არ ვიცი სხვა ტიპის კავშირები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ეს არის ძალინ სერიოზული პასუხიმგებლობა. ვინც მზად არის აიღოს უნდა მიეცეთ ამის საშუალება. ვინ ვის როდის შეხვდა და რაზე ესაუბრა ეს არის ძალიან წვრილი დეტალები, რომელზეც არ ვთვლი რომ ყურადღების გამახვილება ღირს”.
არჩილ ჩიქოვანი ამ დრომდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა, მაგრამ მას უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს სიის ხუთეულში ჩასმაზე.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლაზე ბრიფინგის გამართვას 13 ივლისს გეგმავდა, თუმცა, 13 ივლისს მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბათუმის მერი შვებულებაში იმყოფებოდა და რაიმე თემაზე ბრიფინგი დაგეგმილი არ იყო.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.
ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით, მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა.