ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

364

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ინფორმაციით, ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

მათი ცნობით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. გიგა მანდარია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ქალაქის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა და დარჩენილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, კონტრაქტორს სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული აქვს, თუმცა მშენებელს მიეცა მითითებები, რომ დარჩენილი სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად დაასრულოს.

“ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ქალაქი სრულად ახალ ქსელზე უკვე გადაერთებულია და ქსელი ტესტირების რეჟიმშია. ასევე, დასრულების ეტაპზეა აბონენტების გამრიცხველიანება. კონტრაქტორი კოპანიისგან მივიღეთ პირობა, რომ დარჩენილ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაასრულებს, რის შემდეგაც შევძლებთ ახალი სისტემიდან ზუგდიდი ეტაპობრივად, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიყვანოთ”, – განაცხადა გიგა მანდარიამ.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით, ხოლო დანარჩენი 25% ჭაბურღილებიდან მარაგდებოდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა სამი ახალი რეზერვუარი, მოეწყო 10 ჭაბურღილი და 220 კმ ახალი ქსელი.

წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში დამატებით ორ პროექტს- წყალარინების ქსელის და გამწმენი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. პროექტების განხორციელებისთვის აზიის განვითრების ბანკის მიერ 250 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.