ახალციხეში, მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელ წყალში ფეკალური მასები ჩადის, რის გამოც, წყალს მძაფრი სუნი აქვს, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა დილის საათებშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მესხეთის ქუჩაზე წყლის პრობლემა მეორე წელია აქვთ.
„ვინც დილით პირველი აღებს ონკანს, იმასთან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდის, დღის განმავლობაში იწმინდება, მაგრამ სუნი მაინც საშინელი აქვს“, – ამბობს ადგილობრივი ვარსენიკ სტეფანიანი.
ამავე ქუჩაზე მცხოვრებ შუშან ავაკიანს სასმელი წყლის მიტანაში ყოველდღიურად მეზობლები ეხმარებიან, ამბობს, რომ წყალმომარაგების კომპანიამ რამდენიმე ადგილას ამოთხარა, მაგრამ დაზიანების ადგილს ვერ მიაგნო.
„მარტოხელა ქალი ვარ, მეზობლების იმედზე ვარ დარჩენილი, შესაძლებლობა არ მაქვს რომ ვიყიდო წყალი. ხან ერთ მეზობელს მოაქვს, ხან მეორეს. წელიწადნახევარია წყალკანალი მუშაობს, ხან ერთ ადგილას თხრის, ხან მეორე ადგილას, მაგრამ ვერ გააკეთეს. იქნებ ვინმემ დაგვეხმაროს, აღარ შეგვიძლია“, – ამბობს იგი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად წყალს ჭიებიც მოჰყვება. მათი თქმით, დაზიანებული ადგილის სანახავად აუცილებელია საკანალიზაციო სისტემაც შემოწმდეს.
„წყალს ვავსებდი, ონკანიდან ჭიაყელა გადმოვარდა, ჩემ რძალს დავუძახე, რომ ენახა. წყალს ვყიდულობთ ან სხვა უბნიდან მოგვაქვს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე არ ვიცი“, – ამბობს სუსანა გიორგაძე.
„ოქტომბერში ორი წელი გახდება, რაც ასეთი ბინძური წყალია. ორმაგი ხარჯი გვაქვს, სასმელ წყალს ვყიდულობთ და წყლის გადასახადსაც ვიხდით. ამაზე რომ ვსაუბრობთ ძალიან წყინთ. თუ კანალიზაციის მილებიც არ შემოწმდება, ისე ვერ მოგვარდება ჩვენი პრობლემა“, – ამბობს მანანა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა და არც პრობლემის შესახებ იცოდნენ.
„დღესვე ავალთ მესხეთის ქუჩაზე და ადგილზე შევამოწმებთ“, – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა.