ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაბინძურებული წყალი მოდის, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფილიალის ახლად დანიშნული მენჯერი გიორგი გრიგოლაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაური შეხვდნენ.
„დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. ვიყავით ადგილზე. ყველა იმ წერტილში, სადაც გვქონდა წვდომა სინჯები ავიღეთ. ლაბორატორიული კვლევების შედეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და შესაბამის ღონისძიებებს დავგეგმავთ. როგორც წესი გამოკვლევას 24 საათი სჭირდება, ხვალ საღამოსთვის იქნება პასუხები“, – განაცხადა გიორგი გრიგოლაშვილმა.
მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა.
„ვინც დილით პირველი აღებს ონკანს, იმასთან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდის, დღის განმავლობაში იწმინდება, მაგრამ სუნი მაინც საშინელი აქვს“, – ამბობს ადგილობრივი ვარსენიკ სტეფანიანი.