ზუგდიდში შშმ და ხანდაზმული პირებისთვის უფასო მიტანის სერვისი ამოქმედდა

433

შშმ პირებს, მათ ოჯახის წევრებს და ხანდაზმულებს, რომელთაც მედიკამენტების, საკვები პროდუქტის და ჰიგიენური საშუალებების შეძენა სურთ, ასოციაცია “ჰანგი“ საკურიერო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

„10 კილოგრამამდე წონის საკვები პროდუქტი, ასევე მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები, რომლის შესაძენად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ დარეკონ საკურიერო მომსახურების ცენტრის ნომერზე 557 61 12 77 და ჩვენი კურიერი სახლში მიუტანს. ის წარუდგენს სალარო ქვითარს, სადაც მითითებული იქნება გამყიდველი, შეძენის თარიღი და თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციის ღირებულება. ბენეფიციარი ვალდებულია კურიერს მისცეს სალარო ქვითარში მითითებული თანხა. შემკვეთი იხდის იმ თანხას, რასაც ის გადაიხდიდა მაღაზიაში ან აფთიაქში პირადად მისვლისას. საკურიერო მომსახურება უფასოა“, – უთხრა „ლაივპრესს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რუსლან საჯაიამ.

მისივე თქმით, საკურიერო მომსახურება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

„დაახლოებით რამდენიმე ათეულია ადამიანია მუნიპალიტეტში, ვინც ასეთ დახმარებას საჭიროებს. კარანტინის დროს ერთ-ერთი სოფლიდან გვირეკავდა ქალბატონი, რომელიც გვთხოვდა დახმარებას, მას სჭირდებოდა მედიკამენტის შეძენა, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ვერ ტოვებდა სახლში მარტო. მსგავსი საჭიროება კიდევ ბევრ ადამიანს აქვს“, – გვითხრა რუსლან საჯაიამ.

ასოციაცია „ჰანგი“ საკურიერო მომსახურებას ჩეხური ორგანიზაციის „NESEHNUTI“ მხარდაჭერით ახორციელებს.