ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე მდებარე ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. კონსტრუქცია ნაწილობრივ უკვე დაშლილია და ადგილზე მუშაობა გრძელდება. დემონტაჟს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ 214 677 ლარად ახორციელებს. თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იხარჯება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
გარდა ამისა, ზუგდიდის მერიას მოუწევს 74999,62 ლარი გადაუხადოს ასევე ტენდერში გამარჯვებულ შპს ვეგა პლიუსს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბენდელიანის ქუჩაზე ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.
ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.
ეს ის ტერიტორიაა, რომლის გასხვისების წინადადებასაც თავის დროზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციას და საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა.
დემონტაჟს და ახალ ლოკაციაზე გადატანას არა მიწის მესაკუთრე განახორციელებს, როგორც თავიდან ითქვა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლება.