ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟზე და მოწყობაზე ტენდერები გამოცხადდა

390

შემდეგი სტატია

ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟზე ტენდერი მერიამ ხელმეორედ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, შპს “რებილდმა” მიიღო, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. ის ხელისუფლებას სამუშაოების შესრულებას ნაკლებ ფასში, 195 ათას 400 ლარად ჰპირდება. ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია მიმდინარეობს. თანხა იგივეა – 287 ათას 533 ლარი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

რაც შეეხება პირველ ტენდერს, ის ჩაიშალა. დემონტაჟის სურვილი სულ სამმა კომპანიამ გამოთქვა – შპს “კელვინმა”, შპს “ელვას” ფილიალმა თბილისში და ამხანაგობა “მშენებელი 2019-მა”. სამივე მათგანს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის მიზეზით.

დემონტაჟზე გამოცხადებული ტენდერის პარარელურად, მერიამ ტენდერი ყინულის მოედნის ბენდელიანის ქუჩაზე მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზეც გამოაცხადა თანმდევი ექსპერტირებით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 ათას 559 ლარია. წინადადებების მიღება 27 აპრილს მთავრდება. პროექტირება ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ყინულის სახლის დემონტაჟზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი უფრო ადრე, თებერვალში გამოაცხადა.

დემონტაჟს და ახალ ლოკაციაზე გადატანას არა მიწის მესაკუთრე განახორციელებს, როგორც თავიდან ითქვა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლება.

ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.

ეს ის ტერიტორიაა, რომლის გასხვისების წინადადებასაც თავის დროზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციას და საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა.