მარნეულის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები, სავარაუდოდ, 15 ივლისს დასრულდება

346

სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამუშაოები, ჯერჯერობით, კვლავ არ დასრულებულა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

2020 წლის 21 თებერვალს რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის გაყვენის სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტში დასრულდებოდა. მოსახლეობა კი სასმელ წყალს მას შემდეგ მიიღებდა, როდესაც სოფელი „მარნეულის სოფწყალის“ ბალანსზე გადავიდოდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული.

„ამ ეტაპზე უკვე განახლდა სამუშაოები, სავარაუდოდ 15 ივლისისთვის დასრულდება სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები,“ – ამბობს ზაურ ტაბატაძე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრში სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტიტან 704 787 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს 420 ტონიანი საცავი და სასმელი წყლის მილები თითოეულ სახლთან უნდა მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ კირაჩ მუღანლოელებს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ. ამ დრომდე, სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.