მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ყველა თავისი დანაყოფით 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა, მათ ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

675

მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრაში არმონაწილეობით ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც. საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარედ, უკვე ცალსახად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე. მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირა შეთანხმების ხელმომწერ ყველა მხარეს. ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ამ ნაწილს არ მოიცავდა. მისივე თქმით, ეს ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ წავუკითხოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რას მოეწერა ხელი 8 მარტს. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც აღსრულებაში ჰპოვა ასახვა და რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა ე. წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა, ცვლილებებს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3. დღევანდელ მოსმენას, წინასგან განსხვავებით, არ ესწრებოდა “ევროპული საქართველო”. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამაც”.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.