115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
ცვლილება შეეხება საარჩევნო ბარიერსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში კი მოხვდება, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება ოლქებს, ცნობილია, რომ თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება.
კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.
პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, „პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.
საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ივნისში პირობა გასცა, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა, ნოემბერში აღნიშნული ცვლილელები პარლამენტში თავად “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო.