TI: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე თვეში საშუალოდ 700 ლიტრ საწვავს ხარჯავს

1215

წინა სტატია

ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდული საწვავით მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირები სარგებლობენ, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშში, რომელშიც ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობაა შეფასებული 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე თვეში საშუალოდ 700 ლიტრ საწვავს ხარჯავს, მოადგილეები 250-300 ლიტრ საწვავს, კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეები კი საშუალოდ 150 ლიტრს.

არასამთავრობოს თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ საანგარიშო პერიოდში 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი გახარჯა, ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი, რაც მთლიანად საკრებულოს მიერ ამავე პერიოდში გახარჯული საწვავის 18%-ს შეადგენს.

ზუგდიდის საკრებულომ სულ 89,8 ტონა საწვავი გამოიყენა რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარია.

ამავე ანგარიშით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე სამი ავტომობილი ირიცხება. მათგან ერთი, 2007 წელს გამოშვებული ტოიოტა კოროლა გაუმართავია.

2011 წელს გამოშვებული ფოლქსვაგენ ამაროკით სარგებლობს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მის შესაძენად 2012 წელს 58 ათასი ლარია გადახდილი.

2012 წელს გამოშვებული ტოიოტა ქამრი ემსახურება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას. ავტომანქანა ამავე წელსაა შეძენილი 44 ათას 500 ლარად.

ზუგდიდის საკრებულოს ბალანსზე საანგარიშო პერიოდში ირიცხებოდა დამატებით სამი ავტომანქანა. სამივე საკრებულომ გადასცა ზუგდიდის მერიას.

საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთებისა და საბურავების შეცვლისათვის ჯამში 33,866 ლარი დაიხარჯა.