ზუგდიდის “მწვანე ბიუჯეტი” – საკრებულოს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ახალი ინიციატივა ზუგდიდელებს მეტად გაააქტიურებს

1891

ავტორი: ანი გუგეშაშვილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია 64 მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროგრამა – “მწვანე ბიუჯეტი” შექმნა. ინიციატივა საკრებულოს ეკუთვნის, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, პროგრამაში ზუგდიდის მერიაც აქტიურად არის ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია, მუნიციპალიტეტს მონაწილეობითი ბიუჯეტი აქვს დანერგილი, მამუკა წოწერია თვლის, რომ, ერთი მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად, მეორე მხრივ კი, მწვანე სივრცეების გასაფართოვებლად ახალი პროგრამა მეტად მასტიმულირებელი იქნება.

რას ითვალისწინებს ახალი პროგრამა და როგორ ხდება განსახორციელებელი პროექტების შერჩევა, ამ საკითხზე Droa.ge ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარეს, მამუკა წოწერიას ესაუბრა:

– “მწვანე ბიუჯეტის” შექმნის იდეა ჩვენი საკრებულოს ახალგაზრდა წევრს, სანდრო სორდიას ეკუთვნის და ეს არის ჩვენი მუნიციპალური ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი, რომლის მიზნობრიობასაც გამწვანება და სარეკრეაციო ზონების შექმნა წარმოადგენს. ამასთან, პროგრამა ისახავს ორ მიზანს: პირველი – მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში და მეორე – უფრო მეტი მწვანე ზონის შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჩვენს ქალაქში.

წელს აღნიშული პროგრამა ქალაქის იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს მოიცავს, სადაც გამწვანების საჭიროება გაცილებით უფრო მეტად დგას და მისი განხორციელებისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტად გავზრდით პროგრამის განხორციელების არეალს და ბიუჯეტის მოცულობას.

– რამდენი ლარია გამოყოფილი “მწვანე ბიუჯეტის” განხორციელებისთვის და რამდენი პროექტის დაფინანსება იგეგმება აღნიშნული ბიუჯეტიდან?

– პროგრამის განხორციელებისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენი და რა სავარაუდო ღირებულების პროექტები შემოვიდოდა. ამ ეტაპზე 7 უბნიდან შემოსულია 7 საინიციატივო ჯგუფის განაცხადი, რომლითაც აღნიშნული 100 ათასი ლარი სრულად იქნა ათვისებული. პროექტების ბიუჯეტი განსხვავებულია, ზოგიერთი 35 ათასი ლარი ჯდება, ზოგიც – 20 და 10 ათასი, მაგრამ ჯამში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, 700-მდე ახალ ნარგაობას მიიღებს. ამასთან, რაც მთავარია შერჩეულია ის ნარგავები, რომელიც, ჩვენი ქალაქის ლანდშაფტიდან, გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებიდან და ურბანული განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მისაღებია. გარდა ამისა, ნარგავებს უნდა ჰქონდეს როგორც დეკორატიული ფასეულობა, ასევე, უნდა გააჩნდეს ჟანგბადის ათვისების ძალიან მაღალი ხარისხი, რომელიც ეკოლოგიას მაქსიმალურად წაადგება.

პროგრამის განხორციელებამდე აღნიშნული რეკომენდაციები პროგრამის ბიუჯეტთან ერთად მოსახლეობას მიეწოდა, რის შემდეგაც მათი მოვალეობა იყო მხოლოდ ის, რომ წარმოდეგინათ ინიციატივა, თუ რა სახის მცენარით სურდათ საკუთარი უბნის გამწვანება და დაახლოებით, რა დაჯდებოდა პროექტი.

მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ გადაწყვეტილება მიეღო მოსახლეობას, რაც შეეხება აღსრულებას ეს უკვე ადგილობრივი ხესლიფულების უფლებამოსილებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მთლიანი ღირებულების 95% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, მოსახლოებას კი თანამომაწილეობა 5%-ით მოუწევს. მოსახლეობა სრულად იზიარებს როგორც ფინანსურ პასუხიმგებლობას, ასევე, პროგრამის განხორციელების შემდეგ ნარგავების მოვლა-პატრონობასაც და covid19-ის მიუხედავად, საკმაოდ აქტიურობდა, რის საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა ყოველ წელს მოგვიწევს და ჩვენი საერთო პრინციპიც სწორედ ეს არის, რომ ბიუჯეტის რაც შეიძლება მეტი წილი მოსახლოების ჩართულობით იყოს დაგეგმილი.

– როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკრებულოში შექმნილია “მწვანე ბიუჯეტის” საბჭო. რა შედის საბჭოს მოვალეობებში, რამდენი წევრისგან შედგება და როგორ არის დაკომპლექტებული? შედიან თუ არა საბჭოში არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლები?

– დიახ, საკრებულოში შექმნილია “მწვანე ბიუჯეტის” საბჭო, რომლის წევრებსაც წარმოდეგენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც საკრებულოდან, ისე მერიიდან. ამასთან, საბჭოში არიან სპეციფიური სამსახურების წარმომადგენლები – გამწვანების სპეციალისტები, დენდროლოგი, მცენარეთა დაცვის სპეციალისტი და რა თქმა უნდა, არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც. პროგრამის სარეკომენდაციო დოკუმენტი საბჭომ შექმნა, რაშიც საბჭოს თითოეული წევრი იყო ჩართული. ამასთან, საბჭო იმუშავებს პროგრამის პროექტირებაზეც და თავისთავად, პროექტების ვერიფიკაციას და  მათი განხორციელების შესაძლებლობებსაც საბჭო განიხილავს. ტერიტორია, რომლის გამწვანებაზეც განაცხადი შემოვა, უნდა იყოს უპრობლემო, ანუ უნდა ეკუთვნოდეს ადგილობრივ თვითმმართველობას ან სახელმწიფოს, უნდა ჯდებოდეს “მწვანე ბიუჯეტის” ძირითად მიზნებში და ეხებოდეს გამწვანებას, ასევე, სწორად უნდა იყოს მისი განხორციელებისთვის გაწერილი ბიუჯეტიც – ამ ყველაფერსაც “მწვანე ბიუჯეტის” საბჭო განიხილავს.

– ამ პროგრამის პარალალელურად, ზუგდიდში, ასევე, ხორციელდება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა. რითი განსხვავდება “მწვანე ბიუჯეტი” ამ პროგრამისგან? რატომ გახდა საჭირო თითქმის იდენტური პროგრამის შექმნა?

– სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა უფრო ზოგადი ხასიათისაა და მას სხვადასხვა მიმართულება აქვს. რაც შეეხება “მწვანე ბიუჯეტის” პროგრამას, მისი განხორციელება იმიტომ გვინდოდა, რომ გამწვანებას უფრო მეტი ყურადღება მიქცეოდა და მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მწვანე ზოლების მოწყობას მუნიციპალური ბიუჯეტიდან ცალკე პროგრამა დათმობოდა. ეს, ჩემი აზრით, ოპტიმალურიც არის, ვინაიდან, ინფრასტრუქურის განვითარებისა და მშენებლობების მასშტაბებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მწვავედ დგება გამწვანების ახალი ზონების შექმნის საკითხი. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილი იყო ამ პროექტის შექმნა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უფრო მეტად გაიზრდება ამ პროგრამის ბიუჯეტი, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე ზოლი ჰქონდეს ქალაქს. ეს ერთადერთი პროგრამა არ არის, რომელიც გამწვანებაზეა ორიენტირებული. ჩევენ კეთილმოწყობის სამსახურიც გვაქვს და პარალელურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული სამსახურიც ზრუნავს გამწვანებაზე, მაგრამ აქ მთავარია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების პირდაპირი გათვალისწინება.

– “მწვანე ბიუჯეტის” პროგრამას ზუგდიდის საკრებულო ახორციელებს, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, პროგრამების შემუშავების, ბიუჯეტის შედგენის და პროექტების განხორციელების ვალდებულება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს – მერს აქვს. ამ საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, როგორ აპირებთ პროგრამის განხორციელებას? რა ფორმით არის მერი პროგრამაში ჩართული?

– “მწვანე ბიუჯეტის” პროგრამის განხორციელების იდეა საკრებულოს ეკუთვნოდა, თუმცა, პროგრამაში მერი სრულად არის ჩართული. საკრებულო არის მერის მაკონტროლებელი ორგანო და ჩვენი ინიციატივა მან გაითვალისწინა. ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა მერიამ, თუმცა, ეს იყო ცალსახად საკრებულოს ინიციატივა. საკრებულოსა და მერიას შორის საკმად კარგი და კოლეგიალური დამოკიდებულებაა. გადაწყვეტილებებს იღებს საკრებულო და ეს ინიციატივაც მერამდე საკრებულოდან წავიდა, კარგ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, მერი ყოველთვის ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტში. აქედან გამომდინარე, აქ არც არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა და არც რაღაც საკითხების რაიმე ფუნქციური აღრევა არ არის.

– რა ეტაპზეა ამ დროისთვის “მწვანე ბიუჯეტის” პროგრამის განხორციელება?

– განცხადებების მიღება 10 ივნისს დასრულდა. განცხადებების შემოტანის მსურველთათვის საკმაოდ მრავალფეროვანი საინფორმაციო არხები გამოვიყენეთ. ეს გახლდათ როგორც ჩვენი ვებგვერდი, ისე ელექტრონული ფოსტა და მობილური აპლიკაცია. ამასთან, მოქალაქეებს განცხადებების შემოტანა შეეძლოთ როგორც მერიის, ისე საკრებულოს კანცელარიებშიც. ახლა შემოსულია 7 განაცხადი და როგორც გითხარით, ბიუჯეტი – 100 ათასი ლარი, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, უკვე ათვისებულია. წინასწარი განხილვით, შვიდივე საპროექტო იდეა საკმაოდ კარგად არის შედგენილი და შესაბამისად, ვერიფიკაციის პრობლემა არცერთს არ აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოინიშნება ის ადგილები, სადაც ნარგავები უნდა განთავსდეს, შემდეგ საბოლოოდ შემუშავდება დეტალური ხარჯთაღრიცხვა და გამოცხადდება ტენდერი.

– პროექტს გამარჯვებამდე რა ეტაპების გავლა მოუწია და რა ვადებში განხორციელდება გამარჯვებული პროექტი?

– თავდაპირველად მოხდა პროექტების პირველადი განხილვა, თუ რამდენად შეესაბამებოდა მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებების “მწვანე ბიუჯეტის” პროექტს და სხვა მოთხოვნებს. ახლა უკვე, მეორე ეტაპზე, მომავალ კვირას, სამუშაო ჯგუფის წევრები სპეციალისტებთან ერთად გავლენ კონკრეტულ ადგილებზე, რომელზეც შემდგომ უკვე სიანიციატივო განცხადებებს შეისწავლიან, მოინიშნება ის სავარაუდო ადგილები, სადაც განთავსდება ახალი ნარგავები, დაკონკრეტდება რაოდენობები, თუ რამდენი ნარგავი დაგვჭირდება თითო ადგილზე და მოხდება საბოლოო ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რომლის შემდგომი ეტაპიც იქნება ტენდერის გამოცხადება.

რაც შეეხება გამარჯვებული პროექტების სავარაუდო განხორციელების თარიღს, აგროპროცედურების დაცვისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნარგავები შემოდგომას დაირგოს და ეს ბიოროკრატიული პროცედურები უახლოეს ხანებში განხორციელდება. ვვარაუდობთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივი, მათ შორის, შესყიდვის პროცედურებიც მზად გვექნება, რათა ნარგავები სექტემბერ-ოქტომბერში დავრგათ.