სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის საჩივარზე, რომელიც ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ იყო, გამოძიება არ დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინტერპრესნიუსს სუს-ში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება საქმეში დანაშაულის ნიშნების არარასებობის გამო არ დაიწყო.
უწყების ცნობითვე, საჩივრით ანა წითლიძემ პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
“სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმნეტაცია შესწავლის მიზნით გამოითხოვა. შესწავლის შედეგად, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო”, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ამ ტერიტორიის გაყიდვაზე, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ანა წითლიძის განცხადებით, კომპანია მ²-მა იყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება, თუმცა შემდეგ მერის დაინტერესებით, პირობები შეიცვალა და იმ ვალდებულებების შესრულება ზუგდიდის ბიუჯეტიდან მოხდა.
თავის მხრივ, უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ გამოძება არ დაწყებულა. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
„დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, თუმცა, გამოძიება არ დაგვიწყია. დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ იმიტომ, რომ პროკურატურამ გადმოგივიგზავნა წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ხდება უბრალოდ დოკუმენტების შესწავლა. ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას. როცა დოკუმენტაციას შეისწავლის ანტიკორუფციული სააგენტო, შემდეგ უკვე განსაზღვრავენ გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობას, ჯერჯერობით, გამოძიებაზე საუბარი არ არის“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.