“ნაცმოძრაობა” ზუგდიდის მერს კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

873

შემდეგი სტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურას მიმართა, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას და კომპანია „მ²-ს“ შორის არსებულ გარიგებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

„შევიტანე პროკურატურაში განცხადება, სადაც ვითხოვ, რომ დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას და მ²-ს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე. ყველას გახსოვთ, რომ კომპანიამ იყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ შენგელიას პირადი დაინტერესებით სატენდერო პირობები შეიცვალა და ხელშკრულებაში ყველა ის ვალდებულება რომელიც უნდა შეესრულებინა კომპანიას აღარ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მერის ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდის ბიუჯეტმა უკვე იზარალა. ჩვენი ინფორმაციით მ²-ს არ გადააქვს ყინულის სახლი და ეს ადგილობრივ ბიუჯეტს უჯდება 300 ათასი ლარი. ასევე კომპანია არ აპირებს პროფესიული კოლეჯის აშენებას“, – აცხადებს ანა წითლიძე.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია არა ინვესტიციის განხორციელებას, არამედ ტერიტორიის გაყიდვას აპირებს.

„ასევე ჩვენი ინფორმაციით, საერთოდ არ აპირებს ამ ტერიტორიაზე არანაირი ინვესტიცის განხორციელებას და იგეგმება ამ ტერიტორიის გაყიდვაც. ჩვენ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე დაიწყოს გამოძიება“, – აცხადებს ანა წითლიძე.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელია აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ვალდებულებებს ინვესტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში კისრულობდა, თუ მას ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემოდა.

„თავიდან კომპანია შემოსული იყო წინადადებით რომ საინვესტიციო ვალდებულებით ყო სიმბოლურ ფასად მომხდარიყო მათთვის ამ მიწის გადაცემა, სადაც ისინი განახორციელებდნენ 8 მილიონი ლარის ინვესტიციას და ყინულის სახლს საკუთარი სახსრებით დემონტაჟს გაუკეთებდნენ, გადიტანდნენ ახალ ლოკაციაზე, რაშიც უნდა დაეხარჯა 3 მილიონი ლარი. გაიმართა საჯარო განხილვები არასამათავრობოებთან, მოქალაქეებთან, ოპოზიციასთან და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აღნიშნული ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ შეფასებით გასულიყო აუქციონზე, ასეც მოხდა და აუქციონის შედეგად, მერიამ ამ ქონების ვალდებულების რეალიზაციაში, მიიღო 7 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. კომპანიას კი დაეკისრა 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიიციის განხორციელება. მერიის ვალდებულებაში კი დარჩა ყინულის მოედნის დემონტაჟი, რაშიც მუნიციპალიტეტი ხარჯავს 300 ათას ლარს, ამით ჩვენ გაცილებით მეტი ეფექტი მივიღეთ ვიდრე იმით, რომ პირველი გზით რომ წავსულიყავით“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.

მისივე თქმით, ანა წითლიძის განცხადება, რომ ინვესტორი ამ ტერიტორიის გაყიდვას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ვალდებულების მიხედვით, კომპანია მიწის ნაკვეთს მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე ვერ გაყიდის.

რაც შეეხება ინვესტიციის განხორციელებას, მერის თქმით, ის დაიწყება მას შემდეგ რაც მოხდება ყინულის სახლის დემონტაჟი.

„როგორც კი მოხდება დემონტაჟი, კომპანია შემოვა ოფიცილური ნებართვით მშენებლობის დაწყებაზე, მერია რომ გასცემს ნებართვას იქიდან ჩაითვლება ის 30 თვიანი ვადა, რომელიც აქვს კომპანიას ინვესტიიციის განსახორციელებლად“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერიამ ყინულის მოედნის დემონტაჟზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. თუმცა ტენდერი ჩაიშალა და მეორედ ის აპრილში გამოცხადდა. დემონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 287,533 ლარი დაიხარჯება.

დემონტაჟზე ტენდერის გამოცხადების დროს, „ლაივპრესი“ დაინტერესდა თუ რატომ გადააქვს ყინულის მოედანი მერიას, და არა მიწის მესაკუთრეს,  როგორც თავიდან ითქვა. საკრებულოში გვითხრეს, რომ “მ²” თავად დაშლიდა ყინულის მოედანს და გასწევდა ყველა აუცილებელ ხარჯს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემდა. რაც შეეხება ინვესტორს, მან თქვა, რომ მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის პირობებში არაფერი იყო ნათქვამი დემონტაჟის ვალდებულებაზე. ტერიტორიის შესაძენად კი ძალიან დიდი თანხა გადავიხადა.

ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.

ეს ის ტერიტორიაა, რომლის გასხვისების წინადადებასაც თავის დროზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციას და საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა.