საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) ზუგდიდის მერიისგან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომელიც ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას ეხება.
მერიაში დაადასტურეს, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსგან მიიღეს წერილი დოკუმენტაციის გამოთხოვაზე.
მანამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ამ ტერიტორიის გაყიდვაზე, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ანა წითლიძის განცხადებით, კომპანია მ²-მა იყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და აიღო რამდენიმე ვალდებულება, თუმცა შემდეგ მერის დაინტერესებით, პირობები შეიცვალა და იმ ვალდებულებების შესრულება ზუგდიდის ბიუჯეტიდან მოხდა.
თავის მხრივ, უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ გამოძება არ დაწყებულა. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
„დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, თუმცა, გამოძიება არ დაგვიწყია. დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ იმიტომ, რომ პროკურატურამ გადმოგივიგზავნა წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ხდება უბრალოდ დოკუმენტების შესწავლა. ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას. როცა დოკუმენტაციას შეისწავლის ანტიკორუფციული სააგენტო, შემდეგ უკვე განსაზღვრავენ გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობას, ჯერჯერობით, გამოძიებაზე საუბარი არ არის“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.