მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, სოფელ ქვემო მაჩხაანში ყოფილი სკოლის შენობა, რომელიც რამდენიმე წელია, აღარ ფუნქციონირებს, გასულ წელს დაანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებდა, ის სოფლისთვის ისტორიული მნიშვნელობის შენობა იყო. მისი დანგრევის გამო კი სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა პროტესტიც გამოთქვა. როგორც გაირკვა, შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, სოფლის საერთო კრების ნაცვლად, იქ მცხოვრებთა მცირე ჯგუფმა მიიღო.
დემონტაჟს შეეწირა შენობაში არსებული უნიკალური ბუხრები, ხოლო ქართული აგური, რომლითაც სკოლა იყო აშენებული, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, სატენდერო პირობების თანახმად, გაასხვისა.
აღნიშნული ტეროტორია, რომელზეც ახალი სკოლა უნდა აშენდეს, ქვემო მაჩხაანის ისტორიული თეატრის გვერდით მდებარეობს. თეატრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა შენობამ სოფლის კულტურულ-ისტორიული გარემო არ დააზიანოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერი წერია, მუნიციპალური განვითარების ფონდში გვეუბნებიან, რომ პროექტირებისას აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებენ.
წაიკითხეთ ასევე: ქვემო მაჩხაანი – სოფელი, რომლის ისტორიაც ადამიანებმა თვითორგანიზების საოცარი მაგალითებით შექმნეს
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 90 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი, სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შშმ პირებისათვის, კვების ბლოკი – ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი, ფოიე გარდერობით, დერეფანი.
ტერიტორიაზე, ასევე, უნდა მოეწყოს სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო მომსახურების მიწოდების ვადად 4 თვე, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადად 11 თვე განსაზღვრა.