ქვემო მაჩხაანი – სოფელი, რომლის ისტორიაც ადამიანებმა თვითორგანიზების საოცარი მაგალითებით შექმნეს

13150

საოცარი სოფელია ქვემო მაჩხაანი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის ეს პატარა და ბევრისთვის უცნობი სოფელი, რომლითაც ქიზიყელები ამაყობენ, მაგრამ ვეღარ პატრონობენ.

სოფელი, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნეში იქ მცხოვრებმა ადამიანებმა თვითორგანიზებისა და ინიციატივების საოცარი მაგალითებით შექმნეს. მარტო იმის გახსენებაა საკმარისი, რომ 9 წლის განმავლობაში სოფლის თითოეული მკვიდრი აგროვებდა ფულს იმისათვის, რომ ქვემო მაჩხაანში თეატრი აეშენებინათ… და ააშენეს – 1899 წელს ქვემო მაჩხაანის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. შეძლეს და გახსნეს წიგნთსაცავი, სახელოსნო სასწავლებელი, აფთიაქი და საავადმყოფო, ბანკი და სხვა, სოფლისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დაწესებულება.

ადგილობრივები, თვითორგანიზებით, თავადვე სახავდნენ პრიორიტეტებს სოფლის ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით და შემდეგ, სხვადასხვა სახის ღონისძიებით, თავადვე მოიძიებდნენ სახსრებს ამ ინიციატივების განსახორციელებლად.

თუმცა, 1921 წელს ქვეყნის ოკუპაციამ და გასაბჭოებამ ქვემო მაჩხაანს, ისევე, როგორც სხვა არაერთ ქალაქსა თუ სოფელს, სიცოცხლისა და განვითარების უფლება მოუსპო – რეპრესიებმა და შიშმა მთლიანად გააქრო ინიციატივები, მოკლა თვითორგანიზებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობა და ეს სოფელიც, სხვა სოფლების მსგავსად, ტიპურ საბჭოთა, უინიციატივო, უნებელო სოფელთა რიცხვში ჩააყენა.

დღეს ქვემო მაჩხაანში სამოქალაქო ინიციატივები იშვიათად თუ გაკრთება ხოლმე, ისიც – ერთჯერადად და მცირე ხნით – ასეთია ერთ დროს ეკონომიკურად ძლიერი, კულტურული ცხოვრებით სავსე სოფლის ცხოვრება 21-ე საუკუნეში. ფილმიც, რომლის შექმნაც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შევძელით, მაჩხაანის წარსულ და ახლანდელ ყოფას ასახავს.

რა ხდებოდა და რა სასწაულებს ატრიალებდნენ ქვემო მაჩხაანელები თავიანთ სოფელში, ამის გასაცნობად დამატებით გთავაზობთ მკვლევარ თამარ სიხარულიძის პუბლიკაციას, რომელიც სათემო განვითარების ცენტრისა (CDC) და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისის (CCA Tbilisi) მიერ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნში – ინიციატივა ცვლილებებისთვის თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე არის გამოქვეყნებული.

ავტორი თამარ სიხარულიძე

ქვემო მაჩხაანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირძველი სოფელია. როდიდან ხდება იგი ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი, დანამდვილებით ძნელი სათქმელია, თუმცა, მეცხრამეტე საუკუნის პრესისა და სოფელში შემორჩენილი ზეპირი ისტორიების მიხედვით, შეგვიძლია გავეცნოთ მის ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ უკვე მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან სოფელი ქიზიყის სტრატეგიული და ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრი იყო. ეს განაპირობა სოფლის ფუნქციამ. აქ იყრიდა თავს ქიზიყის სავაჭრო-სახელოსნო დუქნების უმრავლესობა. მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს შეადგენდა.

ყოფილი დუქნების ქუჩა. ამ სახლების პირველ სართულებზე ძველი მარნები და დუქნები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა, ცხადია, უფუნქციოდ. ეს ერთადერთი სახლია, რომელსაც აივანი შემორჩა, სხვა დუქნებს/სახლებს აივნები გასაბჭოების შემდეგ ჩამოაჭრეს

დღესაც მთავარი ქუჩის გასწვრივ, მთელი სოფლის გაყოლებაზე, შემორჩენილია თავდაპირველი დუქნების რიგი, ორსართულიანი ნაგებობები, რომელთა პირველი სართული ღია, გაშლილი თაღებით, სავაჭრო ოთახებად გამოიყენებოდა, მეორე სართული კი – სახელოსნოდ ან საცხოვრებლად. ძლიერი ეკონომიკური რესურსის სოფელში თავმოყრამ ხელი შეუწყო ადგილობრივ მოსახლეობაში საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების გააქტიურებას. ადგილობრივები, თვითორგანიზებით, თავადვე სახავდნენ პრიორიტეტებს სოფლის ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებითა და შემდეგ სხვადასხვა სახის ღონისძიებით თავადვე მოიძიებდნენ სახსრებს მსგავსი პროფილის დაწესებულებების დასაარსებლად. ამ პროცესში ადგილობრივებთან ერთად თანაბრად იყო ჩართული ქიზიყის მოსახლეობა მიმდებარე სოფლებიდანაც.

იკვეთება სამოქალაქო ჩართულობის ორი სახე: ერთი, როცა თავად სოფელია ინიციატივის ავტორიც და შემსრულებელიც, და მეორე, როცა ერთი ადამიანი წამოჭრის იდეას და შემდგომ განახორციელებს სოფლის მხარდაჭერით.

საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებს ქვემო მაჩხაანში XIX ს-ის განმავლობაში თითქმის ყოველთვიური სახე ჰქონდა, ყველა ამ სახის წარმოდგენის ორგანიზებას ადგილობრივი ახალგაზრდები ახერხებდნენ. ზოგჯერ წინასწარაა მოცემული დაგეგმილი ღონისძიებების სია. მათ უმრავლესობას შეადგენდა სპექტაკლები, კომედიები და საცეკვაო წარმოდგენები. სპექტაკლებში ადგილობრივი მსახიობები თამაშობდნენ. პერიოდულად ჩამოდიოდნენ თბილისიდანაც. ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენების გამართვის მიზანი საზოგადოებრივი დაწესებულებების გახსნისთვის თანხის შეგროვება იყო (მაგ., სამკითხველო, თეატრი, ქალთა სკოლა და სხვ.). იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები ღარიბ ან სნეულ სტუდენტთა და მოსწავლეთა დასახმარებლად. წარმოდგენებს ესწრებოდა ქიზიყის სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობა. ისინი, ვისაც ბილეთის თანხა არ ჰქონდა, უფასოდ დაიშვებოდნენ. სოფელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვისაც ახერხებდა მობილიზებას. საყურადღებოა 1887 წლის 8 ივლისს ქვემო მაჩხაანის სკოლაში გამართული სპექტაკლი „ცოლი თუ გინდა, ეს არის“. შეხვედრის ორგანიზება, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სასარგებლოდ, მაჩხაანში მცხოვრებ ქალებს გაუწევიათ. ასე მოაგროვეს თანხა და ამ საზოგადოების ფონდში იმ დღეს 9 მანეთი და 42 კაპიკი გადარიცხეს.

სურათის უკეთ წარმოსაჩენად განვიხილოთ საზოგადოებრივი დაწესებულებების შენების მაგალითები.

წიგნთსაცავი – ბიბლიოთეკა

ქიზიყისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვემო მაჩხაანში სამკითხველოს გახსნა: „ქვემო მაჩხაანის ახალგაზრდობამ განიზრახა გაჰმართოს ამავე სოფელში ქართული წიგნთ-საცავი, ამ მიზნით წარმოდგენილ იქნა ორ-მოქმედებიანი კომედია ალ. ცაგარელისა „ბაიყუში“ და „რაც გინახავს ვეღარ ნახავო“. ახლო მახლო სოფლებიდან დიდ-ძალი ხალხი მოგროვდა წარმოდგენაზე დასასწრებად. (ჩამოთვლილია შემომწირველებიც). ჩვენი ახალგაზრდობა კიდევ აპირებს წარმოდგენის გამართვას ამავე წიგნთ-საცავის სასარგებლოდ ამ ზაფხულს. იმედი ვიქონიოთ, რომ საზოგადოება ერთი-ორად უფრო მეტი დაესწრება. ამ წარმოდგენიდან ხარჯის გარდა დარჩა 27 მანეთი. ამასთანავე უმორჩილესად გთხოვთ, ქვემო მაჩხაანის წიგნთ-საცავის დამაარსებელი ახალგაზრდობა, ვინც კეთილს ინებებს და შემოსწირავს რასმე ან ფულით ან წიგნებით, მიჰმართოს ადგილობრივს მღ. ვასილ მენთეშაშვილს“.

მათი ორგანიზებით იმართებოდა წარმოდგენები, გაყიდული ბილეთების თანხა კი გროვდებოდა წლების მანძილზე, ყველა წარმოდგენის შემდგომ. ინფორმაციის გაშუქებისას დაკონკრეტებულია შემოსული თანხა. პარალელურად, ჩამოთვლილია იმ ადგილობრივების სახელები და გვარები, რომლებმაც ბიბლიოთეკისთვის თავიანთი სახსრებით შეიძინეს თუ დათმეს საკუთარი წიგნები. „მაჩხაანის წიგნთ-საცავს დაეხმარნენ წიგნების შემოწირვით: შ. ქუჩუკაშვილი, ნ. აღნიაშვილი, გ. შოშიაშვილი, დ. ზარაფიშვილი, თ. კევლიშვილი. დურგალმა ა. ინაშვილმა უსასყიდლოდ გააკეთა წიგნთ-საცავისთვის წიგნების საწყობი. საზოგადოება შემომწირველთ გულითად მადლობას უძღვნის“. ამ პირების, შემომწირველების, ასე მოხსენიება აშკარად გააჩენდა მოსახლეობის ჩართულობის სტიმულს. მართლაც, სამი წლის თავზე, მათ დაასრულეს ეს საქმე და 1891 წელს ქვემო მაჩხაანის საზოგადო დაწესებულებების რიცხვს დაემატა ქართული წიგნთსაცავი და სამკითხველო. ბიბლიოთეკის გახსნამდე, 1889 წელს, სოფელში იქაური მღვდლის ძალისხმევით გაიხსნა წიგნის მაღაზია.6 მანამდე, რომ სულ უბრალო ქართული წიგნი ნდომებოდათ, სიღნაღის მაზრაში მისი შეძენა შეუძლებელი იყო, აუცილებლად თბილისში უნდა ჩასულიყვნენ, ხოლო უკვე დაარსებულ წიგნის მაღაზიაში ნებისმიერი ქართული წიგნის შეძენა გახდა შესაძლებელი. წიგნის მაღაზიის გახსნასთან ერთად, ადგილობრივებში გაჩნდა ბიბლიოთეკის გახსნის სურვილი.

1894 წელს სოფლისთვის მნიშვნელოვანი იყო აფთიაქის დაარსება. აფთიაქთან ერთად იხსნება ქსენონიც (საავადმყოფო). პრესაში გავრცელებული განცხადებით, სოფელში სამუშაოდ იწვევენ ქართველ ექიმს. „გვაკლია ექიმი და ნასწავლი მამასახლისი, სოფლის საზოგადოება მოწადინებულია ჯამაგირით მოიწვიოს ექიმი, მხოლოდ მას უნდა, რომ ექიმი ქართველი იყოს“.

საგანმანათლებლო დაწესებულებები

ქიზიყის საგანმანათლებლო დაწესებულების უმრავლესობაც ქვემო მაჩხაანში იყრიდა თავს. 1894 წელს იხსნება სამკლასიანი სახელოსნო სასწავლებელი.

ამავე პერიოდში არსდება „საერო სამინისტრო სკოლა“, სადაც ძირითადად ორი მიმართულებაა – სახელოსნო და სამეურნეო განყოფილებები. ქიზიყელები თავად იყვნენ სკოლის დაარსების ინიციატორები და მთავრობისგან ელოდნენ გადაწყვეტილებას, „ზღვის ოდენმა ხალხმა ერთხმად სურვილი გამოაცხადა ყოველ წლივ მისთვის სახარჯო ფულის გამოყოფაზე, სკოლა იქნება სოფელ ქვემო მაჩხაანში, რომელიც შუა გული ბაზარია ქვემო ქიზიყისა“. ახალგახსნილი სკოლის დამფინანსებლებიც თავადვე არიან.

1895 წელს, მოსწავლეთა სიმრავლის გამო, ადგილობრივი მცხოვრები (ქეთევან ზარაფიშვილი) დამატებით ხსნის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელს. 1898 წელს იხსნება ქალთა სკოლა. ახალგაზრდებმა ერთი წლით ადრე დაიწყეს ამ სკოლის დასაარსებლად ზრუნვა და სპექტაკლების გამართვა თანხის მოსაძიებლად. წამოწყებას შეუერთდნენ ადგილობრივი მეცენატები, „დ. მაჩხაანელმა შესწირა ამ დღეებში ქვემო ქიზიყელებს ას თუმნად ღირებული საკუთარი შენობა- -ადგილი საქალებო სკოლისათვის, სადაც პირველ დაწყებით სწავლასთან ერთად ჭრა-კერვისა და რთვა-ქსოვის კურსებიც იქნება მოზრდილებისთვის“. მის მაგალითს იღებენ სხვა შემომწირველებიც.

1895 წელს დეპოს და ადგილობრივი ბანკის დაარსებამ, მათმა წარმატებულმა მუშაობამ განაპირობა იმ იდეის გაჩენა, რომელიც უკვე მაჩხაანში კი არა, ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში განხორციელდება სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნით. „მომავალში არათუ საშუალო სასწავლებლს, უმაღლეს სასწავლებელსაც კი გაუმკლავდებოდა სიღნაღის უმდიდრესი მაზრა – ქიზიყი.“

სახალხო სახელოსნო დეპო-ბანკი

“ახალ დაარსებულს სახალხო დეპოს ვაჭრობა და საწევრო ფული დღითი დღე ემატება. გამგეობამ საუკეთესო ადგილი იყიდა ამ დღეებში და დიდის შენობის დადგმას აპირებს ამ ზაფხულს, რადგან ხშირად ისე იჭედება დეპო მსყიდველებით, რომ ნემსი არ ჩავარდება. იყიდება გუთნები იმავე ფასად, რა ფასადაც ტფილისში ისყიდება თითოობით. მსყიდველს ათი მანეთი უკან რჩება, გზის ხარჯი და მოცდენა რომ არ ვიანგარიშოთ. წურბელა ვაჭარ-ჩარჩები ათასნაირ სიცრუეს ავრცელებენ ქიზიყის სოფლებში დეპოს შესახებ: “დეპოში იაფად იმიტომ ისყიდება ყველა, რომ ბაქოს ხოლერიანობაში გადარჩენილი საქონელია და დადგება თუ არა ზაფხული, ყველა მსყიდველს ხოლერა ამოჟლეტსო. დეპოში იმიტომა სწერავენ რაღაცა წითელ-ყვითელს ქაღალდით, რომ მთავრობას წარუდგინონ – ნახეთ რამოდენასა ვაჭრობს გლეხის ხალხი და ფოშტის ფული მოგემატებათო. იაფად იმიტომ გაძლევენ, რომ ზომები და საწყობები პატარები აქვთო, განა მართლა დეპომ დააიაფა? რუსეთშიაც დაიაფდა საქონელიო“ – ვინ მოსთვლის, კიდევ რა სიცრუე-ჭორებს არ ავრცელებენ ხალხის მძარცველ მგლეჯავნი, მაგრამ ხალხს მაინც ვერ აჯერებენ… ხალხის უმრავლესობა ლოცვა-კურთხევით იხსენიებს “სამადლო დეპოს” დამაარსებლებს”, – გაზეთი “ივერია”, 1896 წელი

სავაჭრო სახელოსნოების სიმრავლის გამო, ქვემო მაჩხაანში ეწყობოდა ხელოსანთა, მევენახეთა, მეცხვარეთა ერთობლივი კრებები, რომელთა ფარგლებშიც ერთიანი ძალებით აარსებდნენ მაღაზიებსა და საამქროებს, არა მარტო სოფელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. სწორედ ადგილობრივთა ასეთი გაერთიანება გახდა იმის საფუძველი, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1895 წელს, სოფელში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო-სახელოსნო დეპო. მისი აუცილებლობა და მნიშვნელობა ფართოდაა გაშუქებული იმდროინდელ პერიოდულ პრესაში.

1894 წელს ქვემო მაჩხაანში იმართება ქიზიყელთა ერთობლივი კრება – სახალხო დეპო-ბანკის პროექტის განსახილველად. „პროექტის განხილვის შემდეგ კრებამ ამოარჩია დეპო-ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ დ. ნადირაძე და წევრებად მასწავლებელი დ. ჯავიშვილი, პროვიზორი ს. კურცხალია და ვაჭარი ი. მატიაშვილი; რევიზიის წევრებად მღ. ი. ტუკუშაშვილი, მღ. ა. ბენაშვილი, მღ. ვ. ღვთისავარიშვილი და ვაჭარი ა. ნადირაძე. გამგეობა უკვე შეუდგა სხვა და სხვა თადარიგს და იმედი აქვს მომავალ წელს დააწყებინოს დეპო-ბანკს მოქმედება ქვემო მაჩხაანში“. 1895 წელს, შენობის საძირკველი საზეიმოდ აკურთხეს და იწყება მშენებლობა, რომელიც ამავე წლის მიწურულს სრულდება. დაწვრილებითაა დაანგარიშებული ახლად გახსნილი დეპოს ათთვიანი მუშაობის შეჯამება. „დეპოს თავდაპირველად ჰქონია 9,030 მ. ამ ფულით ათი თვის განმავლობაში უვაჭრია 40,529 მ. და 65 კ. მოგება ყოფილა 4,398 მ. და 80 კ. აქედან თანახმად წესდებისა გამოერიცხათ 20 % საქველმოქმედოთ და 20 % ძირი თანხის გასადიდებლად“. ხელოსნების, მებაღეების, მეცხვარეებისა თუ მოვაჭრეების გაერთიანებით შექმნილი სავაჭრო სახელოსნო დეპო-ბანკი თავიდანვე აქტიურ საქმიანობას ეწევა. დედაქალაქში აარსებენ ღვინის, მატყლის, თამბაქოსა თუ სხვა ნაწარმის მაღაზიებს. მაჩხაანში, ბაზრის მოთხოვნის გამო, ამატებენ შალის, ხურჯინებისა და ფარდაგების საფეიქროს. იზრდება ადგილობრივი დუქნების რიცხვიც. დეპო-ბანკის თანხა ბევრ სასიკეთო საქმეს ხმარდებოდა, მაგალითად, ამ თანხის მარაგით 1901 წელს გვალვისა და მოუსავლიანობისას შეძლეს მოსახლეობისთვის ფქვილის შეძენა. ხშირად იმართებოდა დეპო-ბანკის წევრების, მომხმარებელი საზოგადოების კრებები, უმეტეს შემთხვევაში, ძირითადი სამსჯელო საგანი იყო „გამგეობის მოხსენება საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ და მსჯელობა საზოგადოების გაუმჯობესების შესახებ“.

თეატრი

1899 წელს მთელი ქიზიყისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თეატრის მშენებლობის დასრულება. დაახლოებით ათი წლით ადრე დაიწყო მაჩხაანში სათეატრო წარმოდგენები და ამ გზით თანხის შეგროვება, რომელიც თეატრის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.

ტრადიციისამებრ, წარმოდგენებს ახალგაზრდები უწევენ ორგანიზებას. მაგალითად, 1892 წელს „იმართება წარმოდგენა ქვემო მაჩხაანის სათეატრო დარბაზისთვის. ღარიბი ხალხი უფასოდ იყო მოწვეული. ქვემო მაჩხაანის ახალგაზრდობა კიდევ ახერხებს ამ მოკლე ხანისთვის წარმოდგენას ამავე საქმის სასარგებლოდ და იმედიც არის, მრავალი ხალხი დაესწრება გარშემორტყმული სოფლებიდან“. შემოწირულობაში დიდ როლს ასრულებს დეპოს გაღებული თანხაც. სათეატრო წარმოდგენებს ესწრება მთელი ქიზიყის საზოგადოება.

როგორც დავინახეთ, სპექტაკლების გამართვის ტრადიცია ქიზიყში უკვე წლებს ითვლიდა. იგი სკოლის შენობაში ან ღია ცის ქვეშ იმართებოდა. სოფელს ჰყავდა თავისი სამსახიობო დასი, რომელსაც მადლობებისა და მოწონებების გვერდით, ზოგჯერ აკრიტიკებენ წარმოდგენის რიგიანად ვერშესრულების გამო. აშკარაა, რომ თეატრის აშენების მოთხოვნილება და საჭიროება სოფლის რეალური სურვილი იყო, რომლის მშენებლობასაც აქტიურად შეუდგებიან კიდეც და რამდენიმე წელში დაასრულებენ. თეატრის მშენებლობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მაჩხაანში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეს, დიმიტრი მაჩხაანელს (ნამდვილი გვარი ნადირაძე).

უკვე 1899 წელს თეატრის ახალგახსნილ შენობაში, თბილისიდან ჩამოსული სტუმრების თანდასწრებით, იმართება საზეიმო წარმოდგენა. თეატრი თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით სავსებით შეესაბამება იმ დროისთვის ხელმისაწვდომ სტანდარტებს.

თეატრის შენობაში, სპექტაკლების გარდა, იმართებოდა ლექციები ადგილობრივი მოსახლეობისთვის – სოფლის მეურნეობაზე, მედიცინასა და ჰიგიენაზე. სოფელში აღმოჩნდა ძველი ფოტო, სადაც თეატრის მშენებლობაა ასახული. მასზე კარგად ჩანს, როგორ შენდება ერთიანი ძალით სოფლის მნიშვნელოვანი კულტურულ-საზოგადოებრივი დაწესებულება.

სოფელ მაჩხაანში გახსნილი თეატრი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მისი აშენების სურვილი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოდის და თავადვე, ერთობლივი ძალებით აშენებენ ათიოდე წელში. საინტერესოა მეოცე საუკუნის დამდეგს სოფელში არსებული განწყობა. როგორ ეგებებიან ახალ საუკუნეს და როგორი იმედი და გეგმები აქვთ. თუმცა, მათი მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მრავალ ოჯახს მოუწია სოფლის დატოვება, შეფიცულთა მომხრეები – დახვრიტეს.

თუ აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათი იყო ეკლესია-მონასტერთა ნგრევა, ეს მაჩხაანელთათვის განაჩენად იქცა: დაანგრიეს სოფლის ძველი ეკლესია, გაანადგურეს იმ საზოგადო მოღვაწეთა და სასულიერო პირთა საფლავები, რომლებიც ეკლესიის ეზოში მდებარეობდა. ამ ყოველივემ ძირფესვიანად შეცვალა სოფლის ცხოვრება. დუქნები თანდათან იხურებოდა, ხოლო ბაზრის სხვა სოფელში გადატანამ მთლიანად უფუნქციოდ დატოვა სახელოსნო-სავაჭრო დუქნები. ეს ის მნიშვნელოვანი ისტორიაა სოფლისა, რომლის გაცნობაც საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ შემორჩენილი არტეფაქტების მნიშვნელობა და ხასიათი. დღეს, ყოფილ სავაჭრო-სახელოსნო დუქნებთან ერთად, სოფლის განაშენიანებაში ჩართულია თავდაპირველი სკოლების, ქსენონისა და, რაც მთავარია, თეატრის ნაგებობაც. ბიბლიოთეკის, დეპო-სახალხო ბანკის, აფთიაქსა და სხვა შენობებს ჩვენს დრომდე აღარ მოუღწევიათ. შემორჩენილია მეცხრამეტე საუკუნის ბევრი ღირებული საცხოვრებელი სახლიც. ეს არტეფაქტები, სამოქალაქო ცხოვრების ამსახველ ისტორიებთან ერთად, არა მხოლოდ რეგიონული, ქვეყნის მასშტაბითაც მნიშვნელოვანი ობიექტებია.

ამგვარად, ქვემო მაჩხაანში მართლაც უპრეცენდენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე. საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება მრავალმხრივაა გაშლილი. ყველა მცხოვრებს თანაბრად აქვს გაცნობიერებული სოფლის მართვის საქმეში თავისი ფუნქცია და შესაძლებლობები. ერთიანი ძალით მრავალი ინიციატივის განხორციელებას სულ მოკლე ხანში ახერხებენ. მსგავსი ისტორიული სოფლები საქართელოში არც ისე ცოტაა. ამ მიმართულებით კვლევა ჯერ არ განხორციელებულა და ესეც პირველი მცდელობაა მათ გამოსავლენად. დღევანდელი გადასახედიდან, გასაოცარიც კია მოქალაქეების ასეთი მაღალი თვითორგანიზება და პასუხისმგებლობა. ეს ცხოვრების ის ბუნებრივი წესია, რომელიც არსებობდა საქართველოში 1921 წლამდე. ბუნებრივია, რეპრესიებმა, შიშმა, თაობების უმ­ოქმედობამ გამოიწვია მისი სახეცვლა იმ დონემდე, რომ დღეს, თუნდაც 150 წლის წინანდელი ამბები, ძალიან შორეულად აღიქმება და ბევრი რამეც წაშლილია მეხსიერებიდან.