საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ “ჩემი მორდუს“ ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ მოაწერეს.
ცენტრი ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა – დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოემსახურებიან ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. ცენტრი ფუნქციონირებას 6 თვეში შეძლებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“, რუხში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ, რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა.
„საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორის ნუკრი მილორავას ინფორმაციით, ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს მოემსახურებიან და სხვადასხვა სერვისს გაუწევენ. ჯამში, ცენტრი 100 ბენეფიციარს მოემსახურება. ბენეფიციარების შერჩევა სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.
პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განხორციელდება და მისი სერვისებით სარგებლობას აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.