“პირველ რიგში იქნება საფარის ტყე”- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

995

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განმარტებით, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, პირველ რიგში, 20 ჰექტარს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. მისი თქმით, ტყის მოსავლელად საპატრიარქო სასულიერო პირებს გადაამზადებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„კარგია რომ ამ კანონით საპატრიარქოს აქვს უფლება ტყე საკუთრებაში იქონიოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მონასტრები, რომლებიც ტყეში არიან განლაგებული, ისედაც ტყეს იცავენ. პირველ რიგში იქნება საფარის ტყე, იმიტომ რომ ეს ტყე ისედაც მიჩენის წესით გვაქვს გადმოცემული და უკვე რამდენიმე წელიწდია ამ ტყეზე ჩვენ ვზრუნავთ. 1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს სულ დავდივართ იმისთვის, რომ ტყე დავალაგოთ და დავასუფთაოთ და არ მივცეთ საშუალება უკანონო ჭრებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

მეუფის განცხადებით, ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების უმეტესობა ტყეშია, თუმცა მხოლოდ იმდენ ჰექტარს დაირეგისტრირებენ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ.

„რა თქმა უნდა ამას სერიოზული დაცვა სჭირდება, მარტო დასუფთავება არაა, ტყეს ცოდნა სჭირდება და საპატრიარქომ განაცხადა რომ სპეციალური კოლეჯი გაკეთდება, სადაც სატყეო საქმიანობას შეისწავლიან და ჩვენ გავაგზავნით ადამიანებს, ბერებს ან მორჩილებს ან მომსახურე ადამიანებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან ამ საქმიანობას, რათა პროფესიონლურად მოუარონ იმ ტყეს რომელიც გადმოგვეცემა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ცნობისთვის, 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს მიეცა ახალი პრივილეგიები და ექსკლუზიური უფლება, საკუთრებით მიიღოს საქართველოს ტყეები.

პარლამენტმა კანონის პროექტს მესამე მოსმენით მხარი 79 ხმით დაუჭირა. პროექტი დეპუტატებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა.

ტყის ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს. ამ საკითხმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.