20 მაისს საქართველოს პარლამენტის გარემოდ დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ტყის კოდექსს, რომელთან დაკავშირებითაც შენიშვნები ჰქონდა არასამთავრობო სექტორს.
სამოქალაქო საზოგადოება კანონმდებლებს მოუწოდებდა, მხარი არ დაეჭირათ კანონისთვის, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ახალ პირობას ითვალისწინებს.
კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული საბოლოოდ მიღებამდე. მისი ძირითადი დებულებები მიღების შემთხვევაში სექტემბრიდან ამოქმედდება.
კომიტეტზე კანონის მესამე მოსმენით განხილვა ძირითადად იმის მტკიცება იყო, რომ საპატრიარქოს განსაკუთრებული პრივილეგია ამ კანონით არ ენიჭება. ითქვა რომ ეს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამატებით უფლებებზე საუბარი არის “მორიგი ტყუილი”, “პოლიტიკური სპეკულაცია” და “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა.”
კანონპროექტი კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა, რომელმაც თქვა, რომ ეკლესია უფლებებზე მეტ ვალდებულებებსაც იღებებს ამ კანონით და ტყის ტერიტორიებისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე საუბარი სპეკულაციაა.
“თქვენ იცით რომ ვიდრე ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე განხილვამდე მოვიტანდით, არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ,თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად გვინდა სწორედ წინასაარჩევნოდ ტყეები გადავულოცოთ საპატრიარქოს და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ყველას, ვისაც კოდექსი წაკითხული აქვს, დამეთანხმება რომ იმ შემთხვევაში თუ ეკლესიას მიეცემა ტყეები მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები – ეს ვალდებულებები მოიცავს ინვენტარიზაციას, მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს.
სპეკულაციები, თითქოს ტყის ტერიტორიებს ვაძლევთ უსასყიდლოდ საპატრიარქოს, არის ტყუილი მორიგი და შეურაცხყოფა იმ შრომის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავწიეთ ამ კოდექსის აქამდე მოსატანად.
პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან მიიღოს – ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის ეკლესია-მონასტრებს რომლებიც ტყის ფონდში ისტორიურად განთავსებული გახლავთ, მოუაროს და შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს,” – თქვა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოიწოდებდა უარი ეთქვა ამ კანონის მხარდაჭერაზე.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით ცვლილებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და გეგმავს, რომ დამტკიცების შემთხვევაში კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
EMC-ში ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.
TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. მათივე შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.
ამ დროისთვის უცნობია, როდის იგეგმება ტყის კოდექსის განხილვა პლენარულ სხდომაზე.
“სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.