ბოდბელი ეპიკსოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, შევარდნაძის დროს ხე-ტყეს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ, სააკაშვილის დროს კი, ვანო მერაბიშვილი. სასულიერო პირი კითხულობს რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყე, მაშინ როცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ისევ სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნონ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში, მანახეთ, თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. დაბადებული არ ვარ იქ, თორემ ვიზრდებოდი. ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგი ლობირებდა მაგას. ყველაფერი გინდა მალაპარაკოთ?!
ძველად, შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი… პასუხი ვიზეც გაქვთ მოსათხოვი, იმათ მოთხოვეთ, ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიჰყიდა თავისით?“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, ეკლესია მზადაა, როცა ტყე სახელმწიფოს და ხალხს დასჭირდება, უკან დაუბრუნოს.
ცნობისთვის, 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს მიეცა ახალი პრივილეგიები და ექსკლუზიური უფლება, საკუთრებით მიიღოს საქართველოს ტყეები.
ტყის ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს. ამ საკითხმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, შესაძლოა 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის დამტკიცების შემდეგ, პირველ რიგში, 20 ჰექტარ ტყეს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. სასულიერო პირის განცხადებით, ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების უმეტესობა ტყეშია, თუმცა მხოლოდ იმდენ ჰექტარს დაირეგისტრირებენ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ.