კახეთში ველისციხისა და ბოდბისხევის საკვირაო ბაზრები დროებით დაკეტილია. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შესაბამისი უწყებებიდან უკვე გაეგზავნათ რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემდეგ ორივე ობიექტმა ფუნქციონირება უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია მოხდეს ამ ტერიტორიებზე მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ყველა წესის გათვალისწინება.
შეგახსენებთ, რომ თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში ბაზრებმა რეგულეციების დაკმაყოფილების შემდეგ, მუშაობა სრული დატვირთვით რამდენიმე კვირის წინ განაახლეს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.