სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება დღეიდან იწყება, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში.
„დღეიდან, „აგროდიზელით ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან ფასდაკლების ბარათებს გასცემს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებიც.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეძენა დაახლოებით, 1 ლარამდე ნაკლებ თანხად არის შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.
პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, 1-ლი სექტემბრიდან კი, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათის განაღდება.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ სტრატეგიული მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე arda.gov.ge
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
12 მაისს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 713 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 475 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.