მოწერელია: თუ კორონავირუსის გავრცელება ფართო მასშტაბის იქნება, ზუგდიდის ჩაკეტვის საკითხი დადგება დღის წესრიგში

600

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდის ჩაკეტვას არ გამორიცხავს.

ამასთან, მოწერელიას თქმით, ამ ეტაპზე ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა, თუ ვირუსის გავრცელებას ფართო მასშტაბი ექნება, საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ, ამდენად, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული – ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. როდესაც გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამასთანავე, მისი ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე 10 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან 6 არის ე.წ. მძღოლის კლასტერიდან.

„რა თქმა უნდა, ამ 6 ადამიანის კონტაქტების შემოწმება ხდება. იქ. სადაც ჩვენი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ხალხი უნდა იყოს გადაყვანილი კარანტინსა ან თვითიზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება. გავმეორდები, ჯერჯერობით ეს კონტაქტები არის მიკვლევადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ალექსანდე მოწერელიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 456 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა