ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა

1283

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან უქმდება. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

ამ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 456 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.