როდის განაახლებს ხულო-თაგოს საბაგირო გზა ფუნქციონირებას

1114

შემდეგი სტატია

უკვე 4 თვეა ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაჩერებულია. საბაგირო გზამ მუშაობა იანვარში შეწყვიტა, მიზეზად კი ბაგირის დაზიანება დასახელდა. ა(ა)იპი “ხულოს ბაგირგზაში”  აცხადებდნენ, რომ გეგმიური შემოწმებისას სპეციალისტებმა საბაგირო ხაზზე რამდენიმე ადგილას წყვეტა დააფიქსირეს, მათივე რეკომენდაციით მგზავრთა გადაყვანა სახიფათო იყო, რის გამოც საბაგირო გზის გაჩერების  გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ჯერ კიდევ იანვარში  ითქვა, რომ ბაგირი, რომლის სიგრძე 3400 მეტრია მთლიანად უნდა შეცვლილიყო და მის რეაბილიტაციას 125 000 ლარი დასჭირდებოდა. “ბაგირგზაში” ამბობდნენ, რომ ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდებოდა და სამუშაოები ორ თვეში დასრულდებოდა.

საბაგიროს გაჩერებიდან ერთ თვეში რეაბილიტაციის დასრულების ვადები შეიცვალა. თებერვალში ხულოს მერიაში განაცხადეს, რომ საბაგირო გზის რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, მერია ამ დრომდე  იურიდიულ პროცედურებზე მუშაობდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებოდა.

თუმცა ხულო-თაგოს დამაკავშირებელი გზა დღემდე უფუნქციოდაა, აქ არც ბაგირის რეაბილიტაცია დაუწყიათ. უკვე 4 თვეა ადგილობრივებს, ხულოდან-თაგომდე 7 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით ან დაქირავებული ტრანსპორტით  უწევთ. მოსახლეობა ბაგირის დროულად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ პრობლემა მოკლე პერიოდში არ გადაიჭრა ისინი სეზონზე ტურისტების გარეშე დარჩებიან.

“გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა აქვს სოფელს გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. სოფელში არც მუნიციპალური ავტობუსი და არც სამარშუტო ტაქსები დადის, ამიტომ ადგილობრივები იძულებულნი ვართ ხულოს ცენტრმადე მოსახვედრად ავტომობილი ვიქირაოთ ან საკუთარი ავტომობილით გადავაადგილდეთ. ეს ყოველივე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. სოფელში არც სასურსათო მაღაზიაა. რამდენიმე ოჯახი პროდუქტებით ვაჭრობდა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ კი ეს საქმიანობაც შეწყვიტეს, რადგან მომარაგება გაუჭირდათ. აუცილებელია, რომ საბაგიროს გახსნა დროულად მოხდეს, რადგან სოფელში მრავლადაა საოჯახო ტიპის სასტუმროები და ტურისტები, ასეთ მდგომარეობაში კი ტურისტი სოფელში ვერ მოვა”-ამბობს თაგოს მკვიდრი ნაზი ცეცხლაძე.

ხულოს მერიამ საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მარტში გამოაცხადა და აპრილში გამარჯვებულ კომპანია “ბაგირმშენთან” ხელშეკრულებაც გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ საბაგირო გზის რეაბილიტაცია აგვისტოში უნდა დაასრულოს.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ რეაბილიტაციისთვის საჭირო ბაგირი საქართველოში არ მზადდება, ამიტომ მისი შემოტანა უცხოეთიდან უნდა მოხდეს. მერის მოადგილის განცხადებით, საბაგიროზე შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი.

“მაღალი რისკის შემცვლელი ობიექტია, პროცედურებს დრო სჭირდებოდა პროექტი ვიყიდეთ, ტენდერი გამოვაცხადეთ, ხელშეკრულება გაფორმდა 13 აპრილს კომპანიასთან და ვინაიდან შრომატევადია კომპანიას 4 თვე მიეცა დასასრულებლად. აგვისტომდე უნდა დასრულდეს ბაგირის რეაბილიტაცია. ბაგირი საქართველოში არ მზადდება, უნდა იყოს ქარხნული და შემოტანა უნდა მოხდეს საზღვარგარეთიდან. თანხების გამოყოფა მოხდა აჭარის კაპიტალური ტრანსფერიდან. კომპანიას დოკუმენტაცია წარმოდგენილი აქვს და უნდა მოასწროს ხელშეკრულების შესაბამისად” – განაცხადა ნადიმ ვასაძემ.

“ხულოს ბაგირგზის” დირექტორი, რომელიც საბაგირო გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი აცხადებს, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. ემზარ აბულაძის განმარტებით კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიამ საზღვარგარეთიდან ბაგირის შემოტანა ვერ მოახერხა, მისივე თქმით შეკვეთა უკვე მიცემულია და სავარაუდოდ დამკვეთი ბაგირს ერთ თვეში ჩამოიტანს.

ხულო-თაგოს საბაგირო გზას რეაბილიტაცია ბოლოს, 2011 წელს ჩაუტარდა.

საბაგიროს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. საბაგირო 1985 წელს გაიხსნა, ის სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.