ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება 3400 მეტრი სიგრძის ბაგირი, რომელსაც გეგმიური შემოწმების დროს რამდენიმე ადგილას წყვეტა დაუფიქსირდა.
კომპანია “ბაგირმშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფუნქციონირება საბაგირომ აგვისტოში უნდა განაახლოს. სამუშაოებისთვის 125 ათასი ლარია გამოყოფილი.
ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო 28 იანვრის შემდეგ გაჩერებულია.
ხულო-თაგოს საბაგირო გზას რეაბილიტაცია ბოლოს, 2011 წელს ჩაუტარდა. საბაგიროს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. საბაგირო 1985 წელს გაიხსნა, ის სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.