ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადინომერის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.
„გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. აღნიშნული სერვისით დასაქმებული შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაციადამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს, ანუ თვეში 200 ლარს გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, სადაც განსაზღვრულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებიდან კომპენსაციას ვინ მიიღებს და ვინ – არა.
ასევე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 7ო1 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 432 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.