ვინ მიიღებს და ვინ არა 1200-ლარიან კომპენსაციას დასაქმებულებიდან – მთავრობის დადგენილება

6665

წინა სტატია

24 აპრილს საქართველოს მთავრობამ ანტირიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს, ანუ თვეში 200 ლარს გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.

4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, სადაც განსაზღვრულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებიდან კომპენსაციას ვინ მიიღებს და ვინ – არა.

საგულისხმოა ის, რომ საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 860,000 დაქირავებით დასაქმებულია.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციიდან;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან;

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან;

დ) საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმო.

კომპენსაციას კი მიიღებენ:

1.დაქირავებული, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში 2020 წლის 1 მაისამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით);

2. იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს;

ამ პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში;

კომპენსაციის გაცემა შეწყდება, თუ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს 2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით.

დაქირავებით დასაქმებულს არ სჭირდება თავად წარადგინოს რაიმე საბუთი.

დაქირავებით დასაქმებულებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე,  რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით,  სამსახურს  წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge/;

გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა;

დ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

ვ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.

მთავრობის დადგენილებაში ასევე წერია, რომ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

ასევე, დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება.