ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ივნისამდე გახანგრძლივდა ზოგიერთი შეზღუდვა

1169

დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა ზოგიერთი შეზღუდვა. ინფორმაციას აფსნიპრესი ავრცელებს.

კერძოდ, სასურსათო, სოფლის მეურნეობისა და ტანსაცმლის ბაზრები სოხუმსა და რაიონებში შესაბამისი წესების და გრაფიკის დაცვით იმუშავებენ, რომელიც ე.წ ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ განისაზღვრა.

ამასთან, უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების პერმამენტული დეზინფექცია.

ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, აკრძალულია მასობრივი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ქორწილები და სხვა სადღესასწაულო წვეულებები და ტურისტული საქმიანობა, ექსკურსიები.

1 ივნისამდე აიკრძალა ადგილების დაჯავშნა, მოქალაქეების მიღება და განთავსება სასტუმროებში, კურორტებზე, დასასვენებელ სახლებში, სასტუმრო სახლებში და სხვა საცხოვრებლებში.

ამავე საანაგრიშო პერიოდამდე ჩაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რუს სამხედროებს და მესაზღვრეებს, უცხოელ დიპლომატებს და სატვირთი ავტომანქანების მძღოლებს. დაბრუნებულები დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ამასთან, ე.წ. ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო ინსტიტუტების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა გაათავისუფლონ 60 წელზე უფროსი ასაკის მუშაკები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან, თუმცა მათ ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.

დღეიდან, 15 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება აქვთ კვების ობიექტებს, სადაც მაგიდები ერთმანეთისგან სულ მცირე 1,5 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს. მომსახურე პერსონალს სამედიცინო ნიღბების და ხელთათმანების გამოყენება მოწევს.

დღეიდან განახლდა ქალაქებს შორის სამგზავრო მიმოსვლაც.

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ დახურულია სკოლები, მაღაზიების ნაწილი, სპორტული და გასართობი დაწესებულებები.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა. დეფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს. 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.