ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს, COVID 19-თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები დაურიგდათ

395
სმენადაქვეითებული

ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს, ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ მომზადებული, COVID 19 თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები დაურიგდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, „ახალგაზრდულმა ცენტრმა“, „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსინათლოებისთვის აუდიომასალების, ხოლო სმენადქვეითებულთათვის – სურდოთარგმანიანი ვიდეო ფაილების მიწოდებას, რომლებშიც ჩაწერილია კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები.

„ახალგაზრული ცენტრისა” და ქუთაისის მერიის მიერ, ქუთაისში მცხოვრებ უსინათლოებს უკვე დაურიგათ აღნიშნული მასალები. ვიდეო ფაილები მიიღეს სმენადაქვეითებულებმაც. სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები, ამ პროექტის ფარგლებში, მთელს იმერეთში მიიღებენ COVID 19 თან დაკავშირებულ ადაპტირებულ აუდიო და ვიდეო ფაილებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.