ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.
როგორც ბარკალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია.
მისი განმარტებით, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.
„თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge. ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, მეწარმე ფიზიკურ პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე. მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სასახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ასევე, ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს, მაგალითად, შემდეგი დოკუმენტები: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი); 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია; საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი და სხვ. განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.
კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობლობა გაიარაონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში”, – განმარტა ბარკალაიამ.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს, ანუ თვეში 200 ლარს გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, სადაც განსაზღვრულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებიდან კომპენსაციას ვინ მიიღებს და ვინ – არა.
ასევე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი, დახლოებით, 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.
4 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება №286, რომლითაც განისაზღვრა ვისზე, როდიდან და რა ფორმით გაიცემა თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.