რას ითვალისწინებს სოციალური დაცვის ხელშეწყობის ახალი პროექტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირის, საფრანგეთისა და ჩეხეთის მხარდაჭერით განახორციელებს

325

ევროკავშირი, საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირი , საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები ერთობლივი ძალებით შეიტანენ წვლილს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში.

საელჩოს ინფორცმაციით, მონაწილე მხარეებმა ხელმოწერის ღონისძიებით პროექტის დაწყება აღნიშნეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საერთო ძალისხმევა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური უფლებების გაფართოებისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის.

„ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ხელმოწერის ცერემონიალით აღინიშნა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ პროექტის დაწყება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტიზ ფრანსის(Expertise France – Agence Française de Développement Group − AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ (CzDA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით“, – აღნიშნულია ჩეხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუბის მხარდაჭერას სოციალური სერვისების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური უფლებების გაძლიერების კუთხით. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე, ხოლო ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორები Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

ჩეხეთის რესპუბლიკის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით.

პირველი კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების (შემწეობის – remittances) გაუმჯობესებას. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას. მესამე კომპონენტის ფარგლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას. კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რასაც შედეგად მოჰყვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკს შემუშავება და საკანონმდებლო პროცესი.

პროექტის პირველი ფაზა უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პოლიტიკის იმ საკვანძო მიმართულებებსა და სტრატეგიებზე შეჯერება, რომლებიც აუცილებელია სოციალური დაცვის სერვისების განვითარების გასაუმჯობესებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა. სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ხოლო პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარუდგინა პროექტი.

„სოციალური დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნოთ საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს სოციალურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ19-ის რეალობის გათვალისწინებით, რადგან უამრავი ადამიანი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას. ამის გათვალისწინებით, მოხარულნი ვართ, დავიწყოთ ახალი პროექტი Team Europe პარტნიორებთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს, უახლოეს წლებში პოზიტიურ ცვლილებებში აისახება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებს შორის უკვე არსებობს გლობალური ალიანსი.

„მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობამ განვითარება ჰპოვა საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხისა და შესაბამისი მთავრობების არჩევანს, განავითარონ ძლიერი, დინამიური ევროპული მოდელის დემოკრატიული სისტემა საქართველოში, რაც ლოგიკურია, განხორციელდეს ისეთ წარმატებულ და დინამიურ აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობით, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და სოციალური კოდექსის შემუშავებას, წარმოადგენს უფრო ფართო ინსტიტიტუციური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა:

„სოციალური კოდექსის შემუშავება ის საკვანძო რეფორმაა, რომელიც მიმართულია საქართველოში ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემის დასაფუძნებლად, რაც ასევე ითვალისწინებს სოციალური დაცვის სერვისების დეცენტრალიზაციას. ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოხარულია ექსპერტიზ ფრანსთან გაერთიანებული ძალებით გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა“, – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიას თქმით, სოციალური კოდექსის შემუშავებით, პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივა.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ მიზნის მისაღწევად კი უნდა ჩამოყალიბდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემები და მექანიზმები. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისკენ“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.