სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა

574

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი პირველ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდება.

აღსანიშნია, რომ მორატორიუმის გამო გასული წლიდან შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

“მორატორიუმი პირველ მაისს ოფიციალურად დასრულდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ეტაპობრივი გადამოწმებები დაიწყება. მათ შორის რეაგირება მოხდება იმ განცხადებებზეც, რითაც მოქალაქეებმა გადამოწმების მიზნით მოგვმართეს. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაა ამოქმედებული, რომლის ფარგლებშიც თუ ადამიანი დასაქმდება საზოგადოებრივ სამუშაოზე ან ღია ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე, ამ შემთხვევაში ოთხი წელი მას გასაცემელი სტაბილურად ექნება, ხოლო დასაქმებაზე თუ უარს იტყვის, ამ შემთხვევაში ყოველწლიური გადამოწმების მექანიზმი იმოქმედებს. ჯერჯერობით, გადამოწმებები არ დაწყებულა, თუმცა ეს პროცესი როცა დაიწყება, პირველ რიგში, რეაგირება მოქალაქეების განცხადებებზე მოხდება”, – ამბობს ბარკალაია ბმ.გე-სთან ინტერვიუში.

პანდემიის გამო დაწესებული მორატორიუმის პირობებში ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან. აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია.

“მორატორიუმის პირობებში განცხადება შემოდიოდა და ავტომატურად ხდებოდა ქულის მინიჭება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც მოქალაქე სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდიდა. ახლა, მორატორიუმის შემდგომ ჩვეულებრივი პრინციპი მოქმედებს, რაც გულისხმობს სოციალური აგენტის ვიზიტს, რომელიც შეამოწმებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას და გადაამოწმებს მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს; ამის შემდეგ გენერირდება ქულა. ეს მექანიზმი უკვე პირველი მაისიდან ამოქმედდა.

შემწეობის მიმღებთა რიცხვი მზარდია მორატორიუმის შედეგად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თვითმიზანი გადამოწმების შედეგად ხალხისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა არ არის, ამიტომ შეწყვეტის ალტერნატივად დასაქმებას ვთავაზობთ”, – აცხადებს ბარკალაია.

რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, მიმდინარე წლის აპრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 652 124-მდე გაიზარდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. აპრილში საარსებო შემწეობაზე დახარჯულმა თანხამ 44 მლნ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის იანვრთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 3 948-ით, ხოლო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა 76.6 ათასი ლარით არის გაზრდილი.