ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს და დაამტკიცეს ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული საკითხი 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი.
„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მერიის სხვადასხვა სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან. ამ ცვლილებების მიხედვით, გაორმაგდება რამდენიმე პროგრამის დაფინანსება: “ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების” და „ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის” პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარს მიიღებენ.
ცვლილება შევა ასევე “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაშიც. იმისთვის, რომ ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქვეპროგრამა არ შეწყდეს, შეზღუდვების გაუქმებამდე, ბენეფიციარებისთვის დისტანციური მომსახურეობის(მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის(აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა, გუშინ კი, დეპუტატები ისევ სათათბირო დარბაზში შეიკრიბნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.