ბოლნისის მერი: მუშევანსა და გეტაში მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირს

1210

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, სოფელ გეტადან ინფიცირებული პაციენტები უკვე გადაყვანილი არიან. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელ მუშევანსა და გეტაში მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირს.

მუშევანში მოსახლეობას საკარანტინო წესების დაცვა უჭირს, ამიტომ ვრცელდება იქ ვირუსი. იგივე მდგომარეობაა გეტაში. სხვა დასახლებულ პუნქტში ვირუსის გავრცელება ყველგან შეჩერებულია. სოფელ მუშევანაა და გეტაში გუშინ 131 აღებული ნიმუშიდან 17 ახალი შემთხვევა გვაქვს. 8 სოფელ გეტადან 9 მუშევანში. სოფელ გეტადან ინფიცირებული მოსახლეობა გაყვანილია, ამჟამად მედიკოსები სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულის გადაყვანას დაიწყებენ. დღეს ნიმუშების აღება დაიწყება სოფელ გეტაში და ხვალისთვის უფრო თვალსაჩინო მდგომარეობა გვექნება“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 671 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.