მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 მაისიდან, მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.
აგრეთვე, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.