დავითაშვილი: ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს

771

ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას სურს, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად, იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის გამოშვებაც და დამატებითი ღირებულებაც, რომელიც სოფლის მეურნეობიდან გამოდის.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად, იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის გამოშვებაც და დამატებითი ღირებულებაც, რომელიც სოფლის მეურნეობიდან გამოდის. ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა თანაბარწილად იზრდებოდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სოფლის მეურნეობაში იზრდება პროდუქტიულობა. როცა სოფლის მეურნეობაში ზრდაზე და ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, არასწორი ანალიზი კეთდება და შეფასებები ძალიან დილეტანტურია.

მნიშვნელოვანია, გავითავისოთ სტრუქტურა – დაახლოებით 900 ათასი დასაქმებულიდან სოფლის მეურნეობაში 600 ათას დასაქმებულზეა ჩამოსული, რაც 20 წლის ტენდენციაა, თან ბუნებრივი, რადგან სოფლის მეურნეობაში დასაქმება არის სხვა სერვისების და სხვა დარგების დასაქმების წყარო. დღეს, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა, თუკი დასაქმებულთა დიდი არმია არ გადავიდოდა სოფლის მეურნეობიდან სხვა სფეროებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.