დავითაშვილი: 400-ზე მეტი კომპანია საქართველოში აპირებს ინვესტიციების განხორციელებას

343

დაახლოებით, 400-ზე მეტი კომპანია აფიქსირებს, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში აპირებს ინვესტიციების განხორციელებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავრობის შესაბამისი მუშაობა.

„ჩვენ ზოგადად რეგიონში სტაბილურობიდან გამომდინარე მიმზიდველობას ვინარჩუნებთ, გვაქვს საკმაოდ კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს გააჩნია გეოგრაფიულადაც ხელსაყრელი მდებარეობა და ვფიქრობ, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ ინვესტორებთან “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში, როცა ჩვენ არაერთი სკაუტი გვყავდა ინვესტიციების კუთხით. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და შთაბეჭდილებებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

ვფიქრობ, ამას ადასტურებს ის მონაცემები, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. ინვესტიციებთან დაკავშირებით იცით, რომ Bloomberg media studio-მ ჩაატარა გამოკითხვა სხვადასხვა ქვეყანაში ინვესტიციების განთავსების კუთხით. თუ საშუალო ინვესტიცია დაახლოებით 50 მლნ დოლარს შეადგენდა საქართველოსთან მიმართებაში იყო მზადყოფნა, რომ 200 მლნ დოლარი განთავსებულიყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს წინასწარი მონაცემები რეალურ ციფრებში აისახება და ინვესტორები რეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ გვინდა ხარისხიანი ინვესტიციები, დიდი კომპანიები უკვე კარგად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ტექკომპანიები, რომლებზეც საუბარი გვქონდა. ესენი არიან კომპანიები, რომლებსაც გარდა ფინანსური რესურსისა, მოაქვთ გამოცდილება, კვალიფიკაცია ჩვენს ეკონომიკაში და ამას გადამდები ეფექტი გააჩნია. მისასალმებელი რამ არის, ამაზე ინფორმაცია გავრცელდება “ბლუმბერგის” არხების მეშვეობით, უკვე დაიწყო ინფორმაციის გავრცელება და ვფიქრობ, მეტი ინვესტორი დაინტერესდება ინვესტიციის განხორციელებით“, – ამბობს ლევან დავითაშვილი.