დავითაშვილი: ცხოვრების დონე ისე უნდა გავზარდოთ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ამ ქვეყანაში იზრდებოდეს – ეს მიიღწევა მხოლოდ ხელფასების ზრდით

363

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცხოვრების დონე გავზარდოთ იმგვარად, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ამ ქვეყანაში იზრდებოდეს. ეს მიიღწევა მხოლოდ ხელფასების ზრდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ინფლაცია იწყებს შემცირებას, ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება.

„ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლისგან, თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე არის მკაცრი მონეტარული განაკვეთი, მაღალი მონეტარული განაკვეთი, რასაც ეროვნული ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს და შევინარჩუნეთ იმისთვის, რომ მოვახერხოთ ინფლაციის ტენდენციის შესრულება და ინფლაცია შესუსტდეს.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ხელფასები და შემოსავლები ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება იმ შემთხვევაში თუ გვექნება შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, რისთვის ყველაფერი კეთდება. ამის შემადგენელი ნაწილი ბევრი სხვადასხვა განმაპირობებელია, მათ შორის ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე და ერთ-ერთი კონტრიბუტორი პირდაპირი ინვესტიციებია, თუმცა არა მხოლოდ. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა, ისე რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი და გვქონდეს საშუალება, რომ ხელფასები კიდევ უფრო იზრდებოდეს. საკმაოდ საყურადღებო კვლევა იყო, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. ჩვენ გვესმის, რომ პოზიტიური ელემენტიც იყო – საკმაოდ გაზრდილია საშუალო ხელფასი, მაგრამ არის კიდევ დიდი პოტენციალი. ჩვენ დავინახეთ, რომ კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია განსხვავება, თუმცა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში საჯარო სექტორში არსებული ხელფასები უნდა დაეწიოს კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს. ასე რომ, ქვეყანას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით ბევრი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა მოუწევს იმისთვის, რომ უთანასწორობა, განსხვავება დროთა განმავლობაში დავძლიოთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.