დავითაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით პანდემიამდელ მონაცემებს უნდა გავუტოლდეთ

341

საქართველოს ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველაფერი კეთდება, რომ ზამთარი და წლის განმავლობაში დარჩენილი პერიოდი ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს.

„ტურიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები. იცით, რომ პირველი 8 თვის მონაცემების შედეგად, 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო ეკონომიკამ ტურიზმის შემოსავლებიდან. ვფიქრობთ, რომ აღდგენის ტენდენცია შემდეგ თვეებშიც უნდა გაგრძელდეს, ივლისში, აგვისტოში. ჩვენი მოლოდინია, რომ სექტემბერშიც შემოსავლები აჭარბებს, მათ შორის პანდემიამდელ 2019 წლის მონაცემებს. როგორც ვუყურებთ საკმაოდ აქტიურად მიდის ტურიზმის არაპიკური სეზონი. შემდგომში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ზამთრის სეზონი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზამთარი და წლის განმავლობაში დარჩენილი პერიოდი ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს, ამის წინაპირობა არის ის ავიარეისები, რომელიც სხვადასხვა ტურისტულ ბაზართან მიმართებით გვაქვს. ვხედავთ, რომ ავიაკომპანიების მხრიდან დაინტერესება არის. შესაბამისად, ისინი ფრენებს ინარჩუნებენ და ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ პანდემიამდელ მონაცემებს უნდა გავუტოლდეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით. ველოდებით, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ტურიზმის სექტორიდან, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა და ტურიზმის სექტორის აღდგენა 2023 წელსაც. ვფიქრობ, ტენდენცია აბსოლუტურად დადებითია. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ტრადიციული ბაზრიდან ტურისტული ნაკადების დაბრუნება ვერ მოვახერხეთ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ძირითადად, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ეს არის სივრცე იმისთვის, რომ მომავალშიც ველოდოთ ეკონომიკურ ზრდას ტურიზმის სექტორიდან“, – განაცხადა დავითაშვილმა.